„ქალაქმშენებლობის არასწორი პარამეტრები დგინდება“, - აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის განაშენიანების შესახებ კომენტირებისას „ბიზნესპრესნიუსთან“ ურბანისტმა ირაკლი მურღულიამ ისაუბრა.
მისი თქმით, არასწორი განაშენიანებისა და მიმდინარე პროექტის გამო, დედაქალაქს იერსახე ეკარგება. ურბანისტმა ყურადღება გაამახვილა მაღალსართულიანი შენობების მშენებლობაზეც და აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის კორპუსები საცხოვრებლად გამოიყენება, რაც არასწორია.
„ისტორიულ ნაწილში იმდენად დიდი რაოდენობით არ მიმდინარეობს კორპუსების მშენებლობა. ისე ამახინჯებენ იერსახეს, მგონი ყველა მიხვდა, რომ ისტორიულ ნაწილში მსგავსი ტიპის შენობა არ უნდა ჩაიდგას. იდენტობა, თუ ისტორიულ ნაწილს არ ჩავთვლით, თბილისს არ აქვს, დიდი ხასიათი არც ადრე ჰქონია.
ცათამბჯენები ჰქვია თუ არა იმას, რასაც აშენებენ, ეს ცალკე საკითხია, თუმცა მსგავსი მაღალსართულიანი შენობები არსად არ გამოიყენება საცხოვრებლად. თუ სადმე გამოიყენება დაბალხარისხიანი საცხოვრებლებია, რაც ძირითადად აზიურ ქვეყნებშია.
შესაძლოა, ცათამბჯენის ბოლო სართულზე პენტჰაუზი ჰქონდეს ვინმეს მოწყობილი, მაგრამ ზოგადად საცხოვრებლად გამოყენება იშვიათად ხდება. მაღალ შენობებში ძირითადად საოფისე ფართები, სასტუმროები და მსგავსი დანიშნულების ოფისებია, მაგრამ ჩვენთან ამის განვითარება მაინც საცხოვრებელ კორპუსებად ხდება.
ვაკეს ჰქონდა თავის ეშხი და დაიკარგა, მცხეთის ქუჩას ჰქონდა ეშხი და დაიკარგა. მცხეთის ქუჩა ყველაზე კარგი ქუჩა იყო და ყველაზე ცუდი გახდა, ის ხალხს იმის გამო უყვარდა, რომ იქ იყო კერძო სახლები, ბაღები, სიმწვანე, იყო ლამაზი, ცოტა ხალხი ცხოვრობდა, ყველა ერთმანეთს იცნობდა, მეგობრობდა, იქ განვითარებული პროექტების გამო, ეს ასე აღარ არის, მაგრამ ამას მხოლოდ შენობების მშენებლობას ვერ დავაბრალებთ. ეს იმის ბრალია, რომ ქალაქმშენებლობის არასწორი პარამეტრები დგინდება. ყველაფერი თავის წილს ასრულებს საბოლოოდ და ვიღებთ იმ მდგომარეობას, რაც ამჟამად გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი მურღულიამ.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ივნისში დედაქალაქში 2 679 სამშენებლო ნებართვა გაიცა, საიდანაც უდიდესი ნაწილი, კერძოდ, 2 152 ნებართვა საცხოვრებელზე მოდიოდა. ამავე მონაცემების მიხედვით, გასულ წლებში წლიურად გაცემული ნებართვების რაოდენობა 9 ათასიდან 11 ათასის ფარგლებში მერყეობდა.