„ქვეყანაში ბევრი ტრაქტორია, თუმცა მათი გამოყენების მაჩვენებელი დაბალია - არ სჭირდება თითო კაცს თითო ტრაქტორი“

„ნებისმიერ სოფელში ბევრი ტრაქტორია, თუმცა ამ ტრაქტორის გამოყენების კოეფიციენტი არის დაბალი“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „აგრო 1959“-ის მმართველმა პარტნიორმა გელა ხანიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფერმერები სხვადასხვა სახის სამუშაოებს ძირითადად ინდივიდუალურად ასრულებენ. ხანიშვილის თქმით, ბევრად ეფექტური იქნება, თუ ისინი გაერთიანდებიან და ფინანსურ რესურსებს დაზოგავენ.

„ნებისმიერ სოფელში ბევრი ტრაქტორია, თუმცა ამ ტრაქტორის გამოყენების კოეფიციენტი არის დაბალი. ყველას ტრაქტორი ერთდროულად შემოვიდა ბაზარზე და კაპიტალი გაიბნა. არ სჭირდება თითო კაცს თითო ტრაქტორი. ყველას სახლში ხომ არ შეიძლება რომ ტრაქტორი იდგეს. ფერმერისთვის მარჯვეა, თითქოს, სახლში როცა აქვს ტრაქტორი, მაგრამ იმ ტრაქტორმა მოხნა, დადისკა, დაფრეზა და გაჩერდა, მაშინ როცა შეუძლია 20-ჯერ მეტი ფართობი დაამუშაოს.

ყველა კაცი ცალ-ცალკე დადის სასუქისა თუ წამლის საყიდად მაშინ, როცა შეუძლიათ, ორგანიზებულად გააკეთონ ეს. რუსთავის აზოტის ქარხანა, შემოდგომით და გაზაფხულზე იხვეწება, რომ მოდით და ადრე იყიდეთ სასუქი, რადგან ფასი არის დაბალიო. სასუქის საყიდლად ყველა სამუშაოების აქტიური ფაზის დროს მიდიან, ადგილზე დგება რიგები, არის კონკურენცია და იზრდება ფასი. მაინც ხომ ხარჯია? მიდი და ადრე იყიდე, თანხაშიც მოიგებ თუ ერთად 20 მეზობელი წავა, ერთ მანქანას იქირავებენ ნაცვლად 20 მანქანისა და აზოტს ერთად ჩამოიტანენ, ტრანსპორტირებაშიც მოიგებენ და ფულშიც“, - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 1 735 თვლიანი ტრაქტორის იმპორტი განხორციელდა, ღირებულებამ ჯამში 41.7 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ტრაქტორების იმპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, კერძოდ, შარშან 8 თვეში იმპორტირებულია 69 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 2 716 ტრაქტორი. რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, საქართველომ წელს ტრაქტორების უდიდესი ნაწილი, 507 ერთეული გერმანიისგან იყიდა.

მერი ტაბატაძე