საბერძნეთის პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს, რეფერენდუმზე საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნას მხარი არ დაუჭირონ

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი მოსახლეობას მოუწოდებს, 5 ივლისს დაგეგმილ რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირონ საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნას.

ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. მისივე თქმით, თუ ამომრჩეველი საყოველთაო გამოკითხვის დროს გადაწყვეტს, რომ მათ სურთ მორიგი მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარება, მაშინ იგი დატოვებს თანამდებობას. ათენს დღეს აქვს ბოლო დღე იმისათვის, რომ 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი გადაუხადოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს.

ევროპელი ლიდერების განცხადებით, თუ კრედიტორების მოთხოვნას საბერძნეთის მთავრობა არ დათანხმდება, მაშინ მას დეფოლტი და შემდეგ ევროზონის დატოვება მოუწევს. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, მოსახლეობა პანიკაშია. გასულ კვირას ბანკებთან და ბანკომატებთან რიგები არ წყდებოდა. მოქალაქეებს მასობრივად გაჰქონდათ დიდი რაოდენობის თანხა, რის გამოც, ქვეყნის მთავრობამ ბანკების ერთი კვირით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ბანკომატებიდან თანხის გატანა კი შეზღუდა. დაწესდა დღიური ლიმიტი მაქსიმუმ 60 ევროს ოდენობით.