ენერგეტიკულ ბირჟას აგვისტოში ბაზრის 15-მდე მონაწილე ჰყავდა. აგვისტოს მიმოხილვის თანახმად, თვის ბოლოს ბირჟაზე ელექტროენერგიის 9 მწარმოებელი, სისტემის 3 ოპერატორი, 2 საბოლოო მომხმარებელი და 1 მიმწოდებელი ფიქსირდებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ აგვისტოში ვაჭრობა მხოლოდ ორ დღეს, 8 აგვისტოსა და 13 აგვისტოს შედგა. აგვისტოს ჯამური ნავაჭრი რაოდენობა 804 მგვტ.სთ-ს შეადგენდა, ხოლო, საშუალო შეწონილი ფასი 133.51 ლარი/მგვტ.სთ იყო.
ენერგეტიკული ბირჟის ანგარიშის თანახმად, საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა აგვისტოში 154.7 ლარი/მგვტ.სთ (15.47 თეთრი/კვტ.სთ) შეადგინა.
„თუ საბალანსო ელექტროენერგიის ფასს შევადარებთ, ელექტროენერგიის მყიდველებისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა ბირჟაზე შესყიდვა. ხოლო თუ შეფასებისთვის შევადარებთ საბალანსო ელექტროენერგიის ფასსა და ბირჟაზე ჩამოყალიბებულ საშუალო შეწონილ ფასს, ელექტროენერგიის მყიდველებმა, ჯამურად 804 მგვტ.სთ ელექტროენერგიის შესყიდვით დაზოგეს დაახლოებით 17 000 ლარი“, - აღნიშნულია აგვისტოს ანგარიშში.
ამასთანავე, აგვისტოს განმავლობაში ბირჟაზე მოთხოვნა მკვეთრად მეტი იყო მიწოდებაზე. 17 აგვისტოდან კი მიწოდების განაცხადები აღარ განთავსებულა.