„ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები, სუბსიდიებისა და ტრანსფერების საშუალებით, ამომრჩეველთა ხმების ყიდვას ცდილობენ. ძალაუფლებაში მყოფ პოლიტიკურ სუბიექტებს, როგორც წესი, ასეთი საშუალების დათმობა არ სურთ“,- ნათქვამია კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ის პუბლიკაციაში, რომელიც საქართველოში რთველის ყოველწლიური სუბსიდირების ტრადიციას ეხება.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ჩვენს ქვეყანაში რთველი წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, რასაც ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს.
„სუბსიდიები და განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობაში სამთავრობო დახმარება ის საკითხია, რომლისგანაც თავის დაღწევა, მაღალი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, არცთუ ისე მარტივია. ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები, სუბსიდიებისა და ტრანსფერების საშუალებით, ამომრჩეველთა ხმების ყიდვას ცდილობენ. ძალაუფლებაში მყოფ პოლიტიკურ სუბიექტებს, როგორც წესი, ასეთი საშუალების დათმობა არ სურთ. საბიუჯეტო რესურსების გამოყენებით პოლიტიკური კეთილგანწყობის მოპოვების ერთ-ერთი საშუალება კი სოფლის მეურნეობის კონვენციური სუბსიდიებია, რაც მკვეთრად გამოხატულია არადემოკრატიულ რეჟიმებში. მაგალითად, ავტორიტარულ რუსეთში ამ მიზნით გამოყენებულია სოფლის მეურნეობის საბიუჯეტო დახმარებები.
საქართველოში, ამ თვალსაზრისით, გამორჩეულია ყურძნის სუბსიდირება, რომელიც, სხვადასხვა მთავრობის პირობებში, ფართო ელექტორული მიზნებისთვის გადადგმული ნაბიჯების შედეგია. ბევრი ადამიანისთვის შემოსავლები ყურძნის რეალიზებას უკავშირდება და ღვინო, ადგილობრივი პროდუქციიდან, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საექსპორტო საქონელია.
დამატებით, ისტორიული პერსპექტივიდან, ღვინო საკრალიზებულიც კი არის და შეიძლება ითქვას, პოზიციონირებს, როგორც ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ასეთი გარემოებები ხელსაყრელია მხარდაჭერის მაძიებელი პოლიტიკოსებისთვის, რათა სუბსიდიები გაზარდონ, ან მომავალში გაზრდის დაპირება გასცენ. მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, სწორედ ყურძნის სუბსიდირებაა გაცილებით უკეთესი საშუალება, ვიდრე, მაგალითად, ფეიხოას მოყვანა-რეალიზების საბიუჯეტო დახმარებები.
გარდა ამისა, ყურძნის სუბსიდირებისთვის ხელშემწყობი ფაქტორია დროის პერიოდი. რთველი შემოდგომაზე იმართება, საქართველოში კი არჩევნები სწორედ ამ პერიოდში ტარდება. რთველი და წინასაარჩევნო კამპანია თანადროულია. მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდშიც, რთველი პოლიტიკურ განცხადებებსა და გადაწყვეტილებებში მოექცა. მთავრობამ ყურძნის სუბსიდირების მასშტაბი გააფართოვა, ხოლო ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ერთობამ უფრო მეტი მოითხოვა“,- ნათქვამია პუბლიკაციაში.
გარდა ამისა, ხაზგასმულია ფაქტი, რომ წარმოების სუბსიდირება ჭარბწარმოების მიზეზი ხდება, სახელმწიფოს კი სუბსიდირებისთვის ყოველწლიურად სულ უფრო მეტი თანხის გამოყოფა უწევს.
„საქართველოში ყურძნის სუბსიდირებას კონვენციური ფორმა აქვს, რაც ყურძნის ფასების საბიუჯეტო მხარდაჭერას ნიშნავს. პირველი, ესაა გასაყიდი ყურძნის ფასის საბიუჯეტო დანამატი და მეორე, დაბალი ხარისხის (უვარგისი) ან ჭარბი ყურძნის შესყიდვა სახელმწიფო კომპანიების მიერ. ამგვარი მიდგომა ამახინჯებს საბაზრო პრინციპებს და ადუმებს ბაზრის სიგნალებს, რაც იწვევს ყურძნის ჭარბწარმოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე მევენახის სტიმულების დათრგუნვას.
სუბსიდიის კონვენციური მიდგომა კი ქმნის ერთგვარ სპირალს, რომელიც უფრო და უფრო მეტ საბიუჯეტო რესურსს მოითხოვს. წარმოების სუბსიდირება მიზეზია ჭარბწარმოებისა, ესე იგი, იმ მოცულობის ან ხარისხის ყურძნის წარმოების, რომელიც მოთხოვნას ჩამორჩება. სუბსიდიით სტიმულირებული უფრო მეტი წარმოება უფრო მეტ საბიუჯეტო დახმარებას მოითხოვს.
არაერთმა ქვეყანამ სოფლის მეურნეობაში მაღალპროდუქტიულობას სწორედ იმით მიაღწია, რომ გასული საუკუნის მიწურულს მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. აღნიშნულ პერიოდამდე, სექტორის ზოგი მიმართულება სუბსიდირებული და სამთავრობო დახმარებებით გამორჩეული იყო, რაც ჭარბწარმოებისა და შემდეგში ფისკალური კრიზისის მიზეზი გახდა. შექმნილმა კრიზისმა კი მთავრობები აიძულა, შეეკვეცათ, ან მთლიანად გაეუქმებინათ არაერთი ტრადიციული ტიპის სასოფლო-სამეურნეო დახმარება, რამაც ხელი შეუწყო სექტორის პროდუქტიულობის ზრდას.
საქართველოში ყურძნის წარმოების სიჭარბე აშკარად გამოკვეთილია. ბოლო წლებში, სუბსიდიების გაფართოებასთან ერთად, ყურძნის მოსავალი მომატებულია (იხ. გრაფიკი 1). ამავე პერიოდში, ვენახთან (ადგილზე ჩაბარება) ყურძნის ფასი (სუბსიდიის გარეშე, საბაზრო ფასი) მკვეთრად არ შეცვლილა. ამრიგად, ყურძნის გაზრდილი წარმოება ნაკლებად უკავშირდება მასზე მოთხოვნის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ზრდას.
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც ვხედავთ, ყურძნის ჭარბწარმოების ფაქტორი პოლიტიკურია, რაც ელექტორული მიზნებით არის განპირობებული, კერძოდ, პოლიტიკური კეთილგანწყობის მოპოვებით, რისთვისაც სუბსიდიები გამოიყენება. სუბსიდია კი გულისხმობს რესურსების რედისტრიბუციას სხვა წარმატებული სექტორიდან ნაკლებად პროდუქტიული და ეფექტიანი ყურძნის წარმოებაში. ეკონომიკაში რესურსების არაეფექტიანი ალოკაცია საზოგადოების კეთილდღეობას ამცირებს. ამდენად, პოლიტიკური დივიდენდების მაძიებელი პოლიტიკოსების ვიწროპარტიულ მიზნებს ეწირება მთლიანი საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები“,- ვკითხულობთ პუბლიკაციაში.