„აღმასრულებელს უფლება აქვს მოვიდეს ჩვენი ჩაწერის მისამართზე და ბინაში არსებული ნივთები დააყადაღოს, თუნდაც ისინი ჩვენ არ გვეკუთვნოდეს“

საადვოკატო ბიურო "OK & CG"-ს დამფუძნებელმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ გადაუხდელი სესხის ამოღების კანონიერ საშუალებებზე ისაუბრა და მოქალაქეების საყურადღებოდ, განმარტა უფლებები, რომელიც აღმასრულებელს აქვს.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან ხშირად გამოიყენება პრაქტიკაში მსესხებელი პირის ჩაწერის მისამართზე არსებული ბინიდან მოძრავი ნივთების ამოღება, დაყადაღება და მათი აუქციონზე გაყიდვა.

„ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს აქვს გადაუხდელი სესხი, მაგრამ მის სახელზე არ არის რეგისტრირებული ქონება, არც საბანკო ანგარიშებს იყენებს, საიდანაც შესაძლებელია თანხის ამოღება, აღმასრულებელს აქვს კიდევ ერთი საშუალება, რომელსაც პრაქტიკაში არ იყენებენ, მაგრამ კანონი ამას ითვალისწინებს. აღმასრულებელს უფლება აქვს დაგვიბაროს აუდიენციაზე და როცა მას შევხვდებით, თუ ის ნახავს, რომ თან გვაქვს ფასეული ნივთი, საათი, ოქროს სამკაული ან სხვა, მას შეუძლია ეს ნივთები ჩამოგვართვას.

თუ აუდიენციაზე არ მივალთ, ჩვენი რეგისტრაციის მისამართი არის ბოლო საშუალება. აღმასრულებელი მოდის ჩაწერის მისამართზე, არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ნაქირავები სახლი, ოჯახის წევრის, მეგობრის თუ ნათესავის და ამ მისამართზე არსებულ ბინაში ყველა მატერიალურად აქტიურ ნივთს მაგალითად ტელევიზორს, სავარძელს და სხვა დანარჩენს აყადაღებს. შემდეგ კი დაიწყოს მათი აუქციონზე გაყიდვა. ამ პრაქტიკას აღმასრულებლები ხშირად იყენებენ.

ეს ქონება შეიძლება ჩვენ არ გვეკუთვნოდეს და მათ, ვისაც ეს ნივთები ეკუთვნის შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს მათი რეესტრიდან ამოღების მოთხოვნით. ამისთვის უნდა დაადასტურონ საკუთრების უფლება. ეს დასტურდება შეძენისას გაფორმებული საბუთებით, საგარანტიო ტალონით და ა.შ. თუ დაყადაღებული ნივთების რეესტრიდან ყველა ნივთი ამოირიცხება და მოვალე პირს საკუთრებაში არაფერი ექნება, ასეთ ადამიანს ეწოდება ვალაუვალი პირი და ის 10 წლის ვადით რჩება რეესტრში და ვერ ხდება მისი სესხის თანხის ამოღება“,- აღნიშნა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

ნათია ზარიძე