ქორწინების ბეჭედი ისევ გაძვირდა - რა ღირს ე.წ. ბაჯაღლო თბილისის „ოქროს ბირჟაზე“

თბილისის „ოქროს ბირჟაზე“ ოქროზე ფასმა ისევ მოიმატა. დღევანდელი მონაცემებით, ქორწინების ბეჭედი კვლავ გაძვირებულია და 1 გრამი ე.წ. ბაჯაღლოს ფასი 250 ლარს შეადგენს, მაშინ, როდესაც დაახლოებით ერთი კვირის წინ მისი ღირებულება 235 ლარიდან იწყებოდა.

საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში, აგვისტოს ანალოგიურად ქორწინების ბეჭედი გაძვირებული პროდუქციის ათეულში მოხვდა და ამჟამად მე-9 ადგილზე იმყოფება. სექტემბერში წლიურად ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 24.42%-ით გაძვირდა.

ოქრო გაძვირდა მთელს მსოფლიოშიც. ამ დროისთვის 1 უნციის ფასი 2 645 დოლარს შეადგენს, ეს კი ერთთვიან ინტერვალში 6.58%-იანი ზრდაა, წლიურად კი მსოფლიოში ოქროზე ფასი 45.9%-ით არის მომატებული.

ეკა დარჩიაშვილი