„იყო საშუალება, საწვავი 15-25 თეთრით იაფი ყოფილიყო, მაგრამ ახლა უკვე გამოვრიცხავ გუშინწინდელი მოვლენიდან გამომდინარე. იმიტომ, რომ ბარელზე ნავთობის ფასი 5-7%-ით უკვე გაიზარდა“,- ამის შესახებ ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ტრეიდერმა გიორგი კაპანაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, თუ იყო ამის საშუალება, რატომ ვერ მოხერხდა საწვავის მნიშვნელოვნად გაიაფება, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ კომპანიებმა იაფი მარაგების შეძენა ვერ მოასწრეს.
ცნობისთვის, „პლატსის“ მიხედვით, საქართველოს ბოლო 4 თვეში ბენზინი 18%-ით, ხოლო დიზელი თითქმის, 11%-ით გაუიაფდა. კერძოდ, თუ მაისში „პლატსის“ ფასი ტონა ბენზინზე 849.52 დოლარი იყო, სექტემბერში 695.05 დოლარი გახდა. რაც შეეხება ევრო დიზელს, მაისში 743.55 დოლარს შეადგენდა, აგვისტოში კი 663.71 დოლარამდე შემცირდა.
ამასთან, 4 თვის განმავლობაში „პლატსის“ მიხედვით, საწვავის ფასი შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნავთობიმპორტიორები საწვავს სწორედ „პლატსის“ ფასების მიხედვით ყიდულობენ და ადგილობრივ ბაზარზე ბენზინისა და დიზელის ღირებულების ფორმირებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს, ამ დროისთვის ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე ძირითადად, 4-7 თეთრიანი კლება ფიქსირდება (1-დან მაქსიმუმ 3%-მდე).
სწორედ ზემოთ აღნიშნული ტენდენციიდან გამომდინარე, ანალიტიკოსების ნაწილი (აფბა) მიიჩნევს, რომ რიგი ფაქტორების ერთობლიობას საწვავის ბაზარზე არსებითი ზეგავლენის მოხდენა შეეძლო და საწვავის ფასების 15-25 თეთრით შემცირება იყო შესაძლებელი.
ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება გიორგი კაპანაძეც, თუმცა ახლა უკვე დაგვიანებულად მიიჩნევს. მეტიც, ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ტრეიდერი ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ნავთის ფასი ისევ გაიზარდა, რაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ღირებულებაზე შესაბამისად იმოქმედებს.
„იყო საშუალება საწვავი 15-25 თეთრით იაფი ყოფილიყო, მაგრამ ახლა უკვე გამოვრიცხავ, გუშინწინდელი მოვლენიდან გამომდინარე. იმიტომ, რომ ბარელზე ნავთობის ფასი 5-7%-ით უკვე გაიზარდა.
ვერ მოხერხდებოდა (გაიაფება), რადგან სანამ ნავთობზე ფასები დაეცემოდა, მანამდე მარაგები უკვე შემოტანილი იყო. ფასის 70 დოლარამდე დაცემაც გრძელვადიან ჭრილში არ ყოფილა, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში მოხდა. თუმცა, ფიზიკურად ვერ ასწრებ შემოტანას, ვერ აფიქსირებ, ჰეჯირებასაც ვერ ახდენ, რადგან თუ ტვირთი არ გაქვს ნაყიდი, ჰეჯირება უკვე არის „კაზინოს პრინციპი“. „კაზინოს პრინციპის“ გამოყენება კი ბიზნესში არამიზანშეწონილად მიმაჩნია. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ვერ მოასწრეს იმ მარაგების შემოტანა და გაიაფება. პირიქით, ახლა ველოდები, რომ ფასები გაიზრდება, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე.
რამდენით გაძვირდება, ვერ გიპასუხებთ. უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, ალბათ, ამას დასჭირდება მომავალი 7-10 დღიანი ანალიზის გაკეთება“,- ამბობს გიორგი კაპანაძე.