ბაზარზე ვირის რძით დამზადებული ქართული სახის კრემი გამოჩნდება

მალე ბაზარზე ვირის რძით დამზადებული ქართული სახის კრემი გამოჩნდება. ამის შესახებ bpn.ge-ს „დემას“ დამფუძნებელი მაია დევნოზაშვილი ესაუბრა. საპნების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ვირის რძით დამზადებული საპნებით მიიპყრო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, პროდუქცია ბებიის რეცეპტით მზადდება, რომელსაც სხვადასხვა სახის მცენარეებზე დამზადებული სამკურნალო მალამო ემატება.

მაია დევნოზაშვილის თქმით, გარდა სახის კრემისა, კომპანიამ თმის ბალზამი და საცხიც დაამზადა, რომელიც ამჟამად სატესტო რეჟიმშია და გაყიდვაში რამდენიმე თვეში ჩაეშვება.

ცნობისთვის, საოჯახო ტიპის საწარმო ბოლნისის რაიონის სოფელ ბალიჭში მდებარეობს. თავდაპირველად პროდუქცია მხოლოდ ოჯახისთვის, სახლის პირობებში მზადდებოდა, თუმცა 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც კომპანიამ 5000-ლარიანი დაფინანსება მოიპოვა, უკვე მცირე ბიზნესად იქცა. კომპანიის მიერ წარმოებული მყარი საპნები ყოველდღიური ჰიგიენური მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. მისი დამზადებისთვის კი მაია დევნოზაშვილი გვირილას, კურკუმას, თავშავას, პიტნას, ცაცხვს, ჭინჭარს და სხვა მრავალ მცენარეს იყენებს. რაც შეეხება ნედლეულს, მცენარეები, ასევე, ვირის რძე ადგილობრივია, ზეთები კი იმპორტირებული.

„ახალი პროდუქტები შევქმენით, ეს არის სახის საცხი, ასევე, თმის ბალზამი და კრემი. შევისწავლე და პირადად გამოვცადე ის სამკურნალო მცენარეები, რომელიც კარგია თმისთვის, თავის კანისთვის, ასევე ზეთები, რომელიც საუკეთესოა თმის სტრუქტურისთვის. რაც შეეხება სახის კრემს, გამოვიყენე ის ნედლეული, რომელიც კანისთვის საუკეთესოა, ასევე, ჩვენი მთავარი დამახასიათებელი ნედლეული, ეს არის ვირის რძე. ზოგადად, რძის გამოყენება ცოტა რთულია ისე, რომ თავისი სტრუქტურა შეუნარჩუნდეს და თან ბუნებრივ ნედლეულთან ერთად მომზადდეს, მაგრამ ძალიან კარგი გამოვიდა. ჯერჯერობით ისევ დატესტვის რეჟიმში გვაქვს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ რამდენიმე თვეში უკვე გაყიდვაში ჩავუშვებთ“,- ამბობს მაია დევნოზაშვილი.

მისი თქმით ამ ეტაპზე კომპანია 18 სახეობის საპონს ამზადებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ იმპორტირებული ნედლეული გაძვირდა, პროდუქციის ფასმაც საშუალოდ 10-30%-ით მოიმატა.

„ადრე საპნების 32 სახეობას ვაწარმოებდით, მაგრამ ამათგან რომელიც უფრო მოთხოვნადი იყო, ძირითადად შეკვეთების მიხედვით ვამზადებთ, შედეგად, 18 სახეობაზე ჩამოვედით. ასევე გვაქვს, თმის მოვლის ხაზი, სახის გამწმენდი, ე.წ მიცერალური სითხე და როგორც გითხარით, უკვე სახის საცხიც.

რაც შეეხება ნედლეულს, გაგვიძვირდა, გვიწევს იმპორტირებული ზეთების, ქოქოსის და შიის კარაქის შეძენა, ეს არის ესპანური, ბერძნული და თურქული პროდუქცია. ვირის რძეს ადგილობრივად ვყიდულობთ, მცენარეებს კი მე თვითონ ვაგროვებ ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში. იქიდან გამომდინარე, რომ წარმოება ნედლეულის გამო გაგვიძვირდა, პროდუქციის ფასმაც დაახლოებით, 10-30%-ით მოიმატა. ამ ეტაპზე ფასები იწყება 10 ლარიდან და 30 ლარამდე ადის“,- ამბობს მაია დევნოზაშვილი.

ნინი ქეთელაური