საზოგადოება დაღალეს უკვე ამ სანქციების თემით და კონსპირაციების თეორიებით - დამერწმუნეთ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედ ხელისუფლებას, სანქციებით ვერავინ შეაშინებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მტკნარი სიცრუეა, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.
„ჯერ არ ვიცით ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ, მერე არის მტკნარი სიცრუე. პირველი - სანქციების ენით პარტნიორებთან და მეგობრებთან არ საუბრობენ და მეორე, ნებისმიერ ეროვნულ ხელისუფლებას, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედ ხელისუფლებას, დამერწმუნეთ, ვერავინ შეაშინებს სანქციებით. საზოგადოება დაღალეს უკვე ამ სანქციების თემით და ამ რაღაც კონსპირაციების თეორიებით. ახლა რა ინფორმაციებსაც ავრცელებთ, ზოგადად ამ სანქციებთან დაკავშირებით, არის მტკნარი სიცრუე“, - განაცხადა კირცხალიამ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ბიძინა ივანიშვილის შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ, აშშ-ს საელჩო არ ადასტურებს.
„ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, - მისწერეს „რადიო თავისუფლებას“ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ 2 ოქტომბერს, წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. „ფორმულას“ ინფორმაციითვე, ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა „საერთოდ შეუჩერეს“, ზოგ შემთხვევაში კი - „შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს“. ტელეკომპანიის ცნობით, „აღნიშნული ზომა ე.წ. პრესანქციური - წინა სასანქციო რეჟიმიდან გამომდინარეობს“.