„მაგისტრალებს 15-20 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწა შეეწირა“ - რატომ მცირდება ნათესი ფართობები

„ბოლო 10 წელია ინტენსიურად გაგვყავს მაგისტრალები, ამას შეეწირა დაახლოებით 15-20 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწა,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, კომპანია „აგრო 1959“-ის მმართველმა პარტნიორმა გელა ხანიშვილმა საგაზაფხულო ნათესი ფართობების შემცირების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში საგაზაფხულო ნათესი ფართობები მცირდება. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, წელს ნათესი ფართობები 132.7 ათას ჰექტარს შეადგენდა. მაშინ როცა, 10 წლის წინ ქვეყანაში 216.5 ათასი ჰექტარი საგაზაფხულო ნათესი ფართობი იყო.

„როდესაც ნათეს ფართობებზე ვსაუბრობთ, არის რამდენიმე პირობა, რაც განაპირობებს სასოფლო-სამეურნეო ფართობების კარგვას. მაგალითად, ბოლო 10 წელია ინტენსიურად გაგვყავს გზები/მაგისტრალები აღმოსავლეთ თუ დასავლეთ საქართველოში, ამას შეეწირა დაახლოებით 15-20 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო ფართობი, ეს ძირითადად ის ფართობები იყო, რომელზეც მეტწილად მოდიოდა ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები. მაგალითად, კახეთის ახალი ავტობანი მთლიანად ვენახის თავზე გადის,“ - აღნიშნავს ხანიშვილი.

მისივე შეფასებით, ნათესი ფართობების შემცირების მეორე მიზეზი ტურისტულ და სააგარაკე ტიპის მეურნეობებს ეხება. ხანიშვილის თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაწილზე ტურისტული დანიშნულების ან საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა განვითარდა.

„ინტენსიურად ვითარდება ტურისტული და სააგარაკე მეურნეობა. მაგალითად, მცხეთის რაიონსა და საგურამოში იყო სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ითესებოდა სიმინდი, ქერი და ა.შ. პრაქტიკულად, თბილისის გარშემო მიწების მთელი ფართობები საცხოვრებელი კორპუსების დასახლებებად და სააგარაკე თემებად გადაიქცა. ამასთან, ათასობით ტურისტული ობიექტი შენდება, რაც ძირითადად სასოფლო-სამეურნეო მიწების დანაკარგია,“ - დასძინა ხანიშვილმა.

გარდა ინფრასტრუქტურის განვითარებისა, რესპონდენტი საუბრობს სოფლის მეურნეობის კუთხით სახელმწიფო პროგრამებზეც და აღნიშნავს, რომ პროექტების ძირითადი ნაწილი მრავალწლიანი კულტურების განვითარებაზე მოდის, იქიდან გამომდინარე, რომ ის ერთწლიან კულტურებზე უფრო მეტად მომგებიანია.

„სახელმწიფო პროგრამით თითქმის 24-25 ათასი ჰექტარი ახალი მრავალწლოვანი ფართობი გაშენდა, ამის გარდა დაახლოებით 15-20 ათას ჰექტრამდე არის ახალი ვენახები. ამ ფართობებმა, ბუნებრივია, შეავიწროვა ერთწლიანი ნათესები. მაგალითად, ალაზნის პირზე, სადაც ერთწლიანი კულტურები იყო, ახლა გაშენებულია ვენახები, ხილის ბაღები, ფისტა, ნუში, ზეთისხილი და ა.შ. რა თქმა უნდა, აქ მოხდა ახალი მიწების ათვისებაც, მაგრამ უმეტესობის ადგილზე იქამდე ერთწლიანი კულტურები მოდიოდა,“ - ამბობს ხანიშვილი.

საუბრის ბოლოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე აღნიშნავს, რომ ფართობების შემცირებაზე უფრო მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო ფართობების ეფექტური გამოყენება.

„ნათეს ფართობებზე უფრო მნიშვნელოვანია ერთეულ ფართობზე მოყვანილი სასოფლო სამეურნეო კულტურის მოცულობა. მაგალითად, 2.2 ტონა ხორბალი მოგვყავდა, დღეს მოგვყავს 3 ტონა, ეს არის მეტი ეფექტის მაჩვენებელი,“ - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

მერი ტაბატაძე