აუდიტის სამსახურის, საბიუჯეტო ოფისის და პარლამენტის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

გერმანიის განვითარების სააგენტოს (GIZ) ორგანიზებით, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საბიუჯეტო ოფისის და პარლამენტის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განუცხადა, განსახილველი საკითხია, თუ როგორ უნდა აკონტროლოს საქართველოს პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლება საჯარო ფინანსების მართვის კუთხით და როგორ უნდა გამოიყენოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური და საბიუჯეტო ოფისის დასკვნები. "თქვენ იცით, რომ საბიუჯეტო ოფისი მუშაობს ბიუჯეტთან მიმართებაში მაკროეკონომიკური პარამეტრების შესწავლის კუთხით. ასევე ის სწავლობს ფისკალურ გარემოს. რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ჩვენ წარვადგენთ უშუალოდ უწყებრივად აუდიტის დასკვნებს, რომელზე დაყრდნობითაც პარლამენტარს შეუძლია გადაწყვიტოს, თუ როგორ განუსაზღვრავს მომავალი წლის ბიუჯეტს ცალკეულ უწყებას, ასევე შეაფასოს რამდენად სწორად განახორციელა ამა თუ იმ სამინისტრომ სხვადასხვა პროგრამა, რამდენად იყო პრობლემები და ამის მიხედვით ჩამოუყალიბდეთ აზრი, გაუგრძელონ თუ არა კონკრეტული პროგრამის დაფინანსება ცალკეულ უწყებას", - განაცხადა ლაშა თორდიამ.