რაც მოახლოვდება არჩევნების თარიღი, არ უნდა შეგვეშინდეს უმსგავსო განცხადებების, რომლებიც არაფერზე არ არის დაფუძნებული და შინაარსობრივად ცარიელია, ხშირი იქნება , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეკლარაციაზე, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს.
მისი შეფასებით, ასეთი რეზოლუციები ყველაზე დიდ დისკრედიტაცაის უწევს ევროკავშირს და ქვეყნის ევროპულ მომავალს.
„ევროსაბჭოს რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ, თუ როგორ ხდება ამ რეზოლუციების შედგენა, პირდაპირ ფულის გადახდა ხდება კონკრეტულ ადამიანებზე, ეს არის ე.წ. ლობიზმი და რასაც უნდათ, ნებისმიერ თემას აწერინებენ. ეს დამოკიდებულება სამარცხვინოა და, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები, ასეთი რეზოლუციები ყველაზე დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს და ქვეყნის ევროპულ მომავალს.
შესაბამისად, ჩვენ ხალხს, პირველ რიგში, უნდა ვუთხრათ, რომ ეს არ არის ევროპა, ესენი არიან კონკრეტული ბიუროკრატები, რომლებიც ამ ყველაფერში იღებენ ფულს და აკეთებენ ამ ტიპის ბინძურ განცხადებებს. რაც მოახლოვდება არჩევნების თარიღი, არ უნდა შეგვეშინდეს ასეთი უმსგავსო განცხადებების, რომლებიც არაფერზე არ არის დაფუძნებული და შინაარსობრივად ცარიელია, ხშირი იქნება”, - განაცხადა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს.
დეკლარაციის თანახმად, არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალონ კურსი.