7 ივლისს გახდება ცნობილი, შეიცვლება თუ არა თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი

შეიცვლება თუ არა თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი, 7 ივლისს გახდება ცნობილი. "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის", შპს "მტკვარი ენერგეტიკისთვის" და შპს "ჯიფაუერისთვის" ტარიფის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 7 ივლისის სხდომაზე მიიღებს.

როგორც სემეკში აცხადებენ, კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად 150 დღიანი ვადა აქვს, თბოელექტროსადგურების შემთხვევაში ბოლო ვადა სექტემბრის დასაწყისი იყო, თუმცა დეპარტამენტმა ამ საკითხებზე მუშაობა დროზე ადრე დაასრულა და პროექტს 7 ივლისს წარმოადგენს.

თბოელექტროსადგურებმა ტარიფის გადახედვის თხოვნით სემეკს მას შემდეგ მიმართეს, რაც ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცა. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ლარის გაუფასურებამ ენერგეტიკულ კომპანიებს დიდი დარტყმა მიაყენა. პრობლემები შეიქმნა, განსაკუთრებით, ეს ეხება თბოელექტროსადგურებს, რადგან ისინი ძირითადად ბუნებრივ აირზე მუშაობენ, რომელიც აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოდის, შესაბამისად, ანგარიშსწორება ხდება დოლარში, მოსახლეობის მხრიდან კი ანაზღაურება ლარით ხორციელდება.