თბილისის მერიის პროგრამაში, რომელიც 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების უფასო მომსახურებას მოიცავს, 1-ლი სექტემბრიდან დღემდე, 416 მოქალაქეა ჩართული

თბილისის მერიის პროგრამაში, რომელიც 60 და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების უფასო მომსახურებას მოიცავს, 1-ელი სექტემბრიდან დღემდე, 416 მოქალაქეა ჩართული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე მსურველებს, დედაქალაქის მასშტაბით, მხოლოდ ორი საცურაო აუზი ემსახურება, ნაწილს კი რემონტი უტარდება.

ამასთან, მათივე ცნობით, დამატებით, ნაძალადევის რაიონში მდებარე სპორტული სივრცე 20 ოქტომბრისთვის გაიხსნება, 1-ელი ნოემბრიდან კი მოქალაქეებს დიდი დიღმის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრით სარგებლობაც შეეძლებათ.

ცნობისთვის, თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას აფინანსებს. აღნიშნული პროგრამით სარგებლობენ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირები. მათ პროგრამაში ჩართვის შემდეგ უფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.