თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზა დღეს, 17:00 საათზე გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრებიან.
გზის მშენებლობა 3 მონაკვეთად იყო დაყოფილი, სადაც 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის ჩქაროსნული საავტომობილო გზა აშენდა. გზის პირველი მონაკვეთი, 4 კმ-იანი ვაზიანის შემოვლითი გზა, გასულ წელს გაიხსნა.
ცნობისთვის, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 527 მილიონ ლარს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნულ გზაზე, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით, დადგენილი იქნება მოძრაობის სიჩქარე 110 კმ საათში, თუმცა, მნიშვნელოვანია რომ მაგისტრალზე, პირველად დაწესდება მინიმალური სიჩქარეც 60 კმ/სთ, ეს კი ნიშნავს, რომ ამაზე ნაკლები სიჩქარით მოძრაობა კახეთის ჩქაროსნულ გზაზე შეიზღუდება.
ცნობისთვის, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისის კახეთთან და აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია.