„აშშ-დან საქართველოს მიმართულებით მანქანები ვერ იგზავნება - რთული სიტუაციაა, გაიზრდება ღირებულება“

აშშ-ის 6 ძირითადი პორტიდან 4-ის გაფიცვამ, საქართველოს მიმართულებით მანქანების გამოგზავნა შეაფერხა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარდა ამისა, გაძვირდა საზღვაო ხაზების მომსახურების საფასური. შექმნილი ვითარების დარეგულირებას კი, საუკეთესო შემთხვევაში თვე ან თვე-ნახევარი დასჭირდება. როგორც ჩვენთან საუბრისას ალექსი ნონიაძე აღნიშნავს, შექმნილი ვითარება, რა თქმა უნდა, აისახება ავტომობილის თვითღირებულებაზეც.

„გაფიცვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. აშშ-ის 6 ძირითადი პორტიდან 4-ის მუშები გაიფიცნენ. ფაქტობრივად, შეიზღუდა იქიდან ავტომობილების გამოგზავნა. სიტუაციის გამოსწორებას, დაახლოებით 1 თვე, თვე-ნახევარი დასჭირდება, ესეც საუკეთესო შემთხვევაში. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიებს უკვე აქვს გარკვეული გამოწვევები, შექმნილი ვითარება, რა თქმა უნდა, გააძვირებს ავტომობილის ღირებულებას. თუმცა, ახლა გამიჭირდება იმის თქმა, ფასი რამდენით მოიმატებს. ეს დაითვლება იმის მიხედვით, როგორი იქნება ზარალი.

გარდა ამისა, საზღვაო ხაზებმა გააძვირეს გადაზიდვა, ესეც ბუნებრივია, თვითღირებულებაში აისახება. ამ ეტაპზე საკმაოდ რთული სიტუაციაა. პროდუქციის დიდი მასა დაგროვდა ამ პორტებში, ახლა უნდა მოხდეს ამის დამუშავება, ჩატვირთვა და გადინება. პორტსაც ხომ აქვს თავისი შესაძლებლობის ზღვარი,“- ამბობს ალექსი ნონიაძე.

შეგახსენებთ, რომ Reuters-ს ცნობით, შეერთებული შტატების აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროს პორტებში დოკერები (მტვირთავი მუშები) გაიფიცნენ, რაც 50 წლის განმავლობაში, სამუშაოს პირველი ყველაზე მასშტაბური შეჩერებაა. შედეგად, ქვეყნის საზღვაო ვაჭრობის დაახლოებით, ნახევარი გაჩერდა.

ნინი ქეთელაური