მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო, 42 მოვაჭრე დაჯარიმდა - რამდენია ფულადი სანქცია

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), 2024 წლის ცხრა თვის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 639 განაცხადი დაფიქსირდა. მათ შორის, გენდერული ნიშნით განმცხადებლების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს - 70% ქალი და 30% - მამაკაცი.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 65 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 132 საქმეზე.

„GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 42 მოვაჭრეს - 71 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 43 701 ლარი.

მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 125 საქმეზე - 108 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 85%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 4%, რომელსაც მოჰყვება იმერეთი 2%, სამეგრელო ზემო სვანეთი 2% და სხვა რეგიონები.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 211, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 197, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 107, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 39, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 23, ფასის მითითებაზე 15, ხოლო სხვა დანარჩენზე 47.

საანგარიშო პერიოდში, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 11%-ს.

მომხმარებლის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.