"სამხრეთ ოსეთში" ნავთობის მოპოვება დაიწყეს

რუსული მედიის ინფორმაციით, გასულ კვირას, "სამხრეთ ოსეთში", სოფელ ღრომში ნავთობის მოსაპოვებელი სამუშაოები დაიწყო.

ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალან გაგლოევის თქმით, ეს ნაბიჯი მათ საშუალებას მისცემს, ახალი ეკონომიკური სარგებელი მიიღონ.

როგორც ცნობილია, გეოლოგიური პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. რაც შეეხება ნავთობის მოპოვების მომგებიანობას, ის შეფასებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

„სამძებრო სამუშაოების ჩატარების პროცესში, მარაგების შესახებ პროგნოზების სიზუსტე 20-40% იქნება, ხოლო როდესაც შეფასებითი სამუშაოები ჩატარდება, მარაგების პროგნოზების გაკეთება მეტი სიზუსტით იქნება შესაძლებელი. სწორედ ამის შემდეგ შეგვეძლება მოგებაზე საუბარი, ასევე ნავთობის ხარისხზე, სიღრმესა და მოცულობაზე. ნავთობის მოპოვების მოგებაზე სწორედ ეს ფაქტორები მოქმედებს,“ - განაცხადა ადგილობრივმა ექსპერტმა.

ეკა დარჩიაშვილი