აფხაზეთში ციტრუსის მოსავალი წლევანდელ სეზონზე, სავარაუდოდ, 37 ათას ტონას მიაღწევს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის დე ფაქტო მინისტრ ბესლან ჯოპუამ განაცხადა, რასაც “აფსნიპრესი” ავრცელებს.
აფხაზეთში მოქმედი ე.წ. ფასთა რეგულირების კანონის საფუძველზე ჯოპუას უწყება მინიმალური შესასყიდი ფასების დაწესების წინადადებით გამოდის, რაც 1 კგ მანდარინსა და ფორთოხალზე 45 რუბლის (0,47 დოლარის), 1 კგ ლიმონზე 42 რუბლის (0,44 დოლარის) ხოლო 1 კგ არასტანდარტულ ნაყოფზე 10 რუბლის (0,10 დოლარის) ოდენობას გულისხმობს.
თუმცა ამ მინიმალური ფასების მიხედვითაც, მაგალითად, მანდარინზე, შარშანდელთან შედარებით, წელს შესასყიდი ფასი 24-დან 45 რუბლამდე (0,25-დან 0,47 დოლარამდე) იზრდება, რაც, ჯოპუას თქმით, “ციტრუსის პლანტაციების დასამუშავებლად საჭირო ქიმიკატების გაძვირებითა და სხვა ხარჯით არის განპირობებული.” კერძოდ, ჯოპუას უწყების გათვლებით, ერთი კილოგრამი ციტრუსის თვითღირებულება 37 რუბლს (0,38 დოლარს) აღწევს.
ამასთან, დე ფაქტო მინისტრი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აფხაზეთში ციტრუსის პლანტაციები მეტად გამეჩხერებულია. ამდენად, მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, წლიური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, 2021-დან 2023 წლამდე აფხაზ ფერმერებს 100 ათასზე მეტი ძირი გადაეცათ, ხოლო წლის ბოლომდე კონკურსის საფუძველზე დამატებით 40 ათას ძირამდე საადრეო ჯიშის ძირი გადაეცემათ.
დე ფაქო მინისტრის მონაცემებით, საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში 11 ათას ჰექტარზე 120 ათას ტონამდე ციტრუსი მოდიოდა, ამჟამად კი მხოლოდ 2,900 ჰექტრამდე ფართობი არის გაშენებული, საიდანაც საუკეთესო მოსავლიანობის წლებში, მაქსიმუმ, 50-52 ათას ტონა მოსავალი მოდის.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ