ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
როგორც მან მედიასთან განმარტა, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, არ განეხორციელებინა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში და არ ჰქონოდა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში იმ რიტორიკის გამო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის მიმართ აქვს.
„რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ უკვე მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ გვქონდა შიდა განხილვა ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან როგორ უნდა მივდგომოდით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ როგორც არამეგობრულს ევროკავშირის მიმართ. ასევე, განვიხილეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივს, პროპაგანდასა და კონსპირაციის თეორიას და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირმა, რომ არ გვქონოდა არანაირი მაღალი დონის კონტაქტები საქართველოს არსებულ ხელისუფლებასთან და სწორედ ამიტომ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში არ ყოფილა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში, არ ყოფილა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.