თურქეთ-სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან საავტომობილო გზის სამუშაოებზე ტენდერები გამოცხადდა.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, თურქეთის საზღვართან, კერძოდ, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულია 2 ტენდერი ლოტი II - კმ8+800-კმ16+000 და ლოტი I - კმ3+000 - კმ7+800.
სატენდერო პირობების თანახმად, ორივე შესყიდვის შემთხვევაში, წინადადებების მიღება 8 ნოემბერს დაიწყება და 13 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 8 413 286 (ლოტი II) და 4 847 116 (ლოტი I) ლარია.
რაც შეეხება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარს, ტენდერი გამოცხადებულია რუსთავი-გარდაბანი-ვახტანგისის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ19 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების (ლოტი 1 - კმ1-კმ11) შესყიდვის მიზნით. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 19 660 008 ლარია. ამასთან, წინადადებების მიღება 27 ოქტომბერს დაიწყება და 1-ელ ნოემბერს დასრულდება.
გარდა ამისა, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 27 სექტემბერს გამოაცხადა ფონიჭალა - მარნეული - გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75+050-კმ84+150 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების და კმ83+145-კმ84+150 მდინარე ხევისწყალზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის დარჩენილი სამუშაოების (მისასვლელი გზებით - ლოტი II) შესყიდვის მიზნით. სატენდერო პირობების თანახმად, ამ შემთხვევაში წინადადებების მიღება 25 ოქტომბერს დაიწყება და 30 ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 4 825 467 ლარს შეადგენს.