„ვაშლის გაყიდვა უჭირს ფერმერს - მოთხოვნა დიდია, მაგრამ არა ისეთზე, სახლში შეტანამდე გულიდან რომ ლპება“

„ვაშლის გაყიდვა უჭირს ფერმერს, რომელსაც აქვს 30 წლის წინანდელი „კეხურა“ ან „ბროცკი“ ვაშლი, ისიც მცირე რაოდენობით,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და შპს „აგრო 1959“-ის მმართველმა პარტნიორმა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამის შეფასებისას განაცხადა.

ხანიშვილის თქმით, ქვეყანაში ბევრი ძველი ბაღია. მისი განმარტებით, სუბსიდირება საჭიროა იმისთვის, რომ განახლდეს ვაშლის ბაღები, იქამდე კი არსებული მოსავალი ფერმერს „გადასაყრელი არ გაუხდეს“.

„ვაშლის გაყიდვა უჭირს ფერმერს, რომელსაც აქვს 30 წლის წინანდელი კეხურა ან ბროცკი მცირე რაოდენობით. ვის ვაშლზეა მოთხოვნა? ვინც გააკეთა ინტენსიური ბაღი. პირველს ვერ გაუყიდია 60 თეთრად და მეორე 2 ლარად ყიდის. ჩვენ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში 24 ათასი ჰექტარი ვაშლის ბაღი გავაშენეთ და 4 ათასი ჰექტარი მშენებლობის პროცესშია, სწორედ აქ არის სუბსიდირების გასაღები. სუბსიდირება დღეს საჭიროა, იმიტომ რომ გვაქვს ძველი ბაღები და ფერმერმა სულ რომ არ გადაყაროს მოსავალი, ეს მას ეხმარება.

მოთხოვნა ძალიან დიდია თანამედროვე ხარისხიან ვაშლზე, მაგრამ არა ისეთ ვაშლზე, რომელსაც ზემოდან ბადე აქვს, ვერ გაიგებ „კეხურაა“ თუ „გრანი სმიტი“, არ უვარგა ფორმა, აქვს ჭია და სანამ სახლში შეიტან, გულიდან ლპება. ამ ვაშლზე მოთხოვნა არ იქნება, იმიტომ რომ უნდა იყოს ბრენდირებული, ერთგვაროვანი და ა.შ.

ევროპა 307 მლრდ ევროთი ეხმარება სოფლის მეურნეობას. ჩვენ შევდივართ იმ კონკურენტულ გარემოში, სადაც ევროპაში წარმოებული პროდუქცია იყიდება. ჩვენ სუბსიდირება რომ არ გვქონდეს, პროგრამები არ გვქონდეს და ვერ ვეხმარებოდეთ, ჩვენი ფერმერი რომელიც ცოდნით, ტექნოლოგიური გადაიარაღებით, მასშტაბის ეფექტით ჩამორჩენილია, ბაზარზე წვდომა ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე შეზღუდული აქვს, რით განვითარება?,“ - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2024 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

აღსანიშნავია ისიც, რომ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გორში საკოორდინაციო შტაბი 10 სექტემბერს გაიხსნა.

მერი ტაბატაძე