„თუ დოკერების ხელფასი მოიმატებს, პორტის ხარჯი გაიზრდება და კონტეინერის ჩამოტანა გაძვირდება“

„ძალიან მარტივი ფორმულაა, თუ დოკერების ხელფასი მოიმატებს, პორტის ხარჯი გაიზრდება და კონტეინერის ჩამოტანა გაძვირდება, რაც აისახება იმ პროდუქციაზე, რაც შიგნით დევს“, - ასე აფასებს „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი აშშ-ის პორტებში განვითარებულ მოვლენებს.

საუბარია, შეერთებული შტატების აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროს პორტებში დოკერების (მტვირთავი მუშები) გაფიცვაზე, რომელიც რამდენიმე დღის დაიწყო. 50 წლის განმავლობაში, ეს არის სამუშაოს პირველი ყველაზე მასშტაბური შეფერხება, რამაც ქვეყნის საზღვაო ვაჭრობის დაახლოებით, ნახევარი გააჩერა.

შედეგად, მენის შტატიდან ტეხასამდე მდებარე ათობით პორტში, ყველანაირი ტვირთი დაბლოკილია.

როგორც ირაკლი იაშვილი ამბობს, ყველა შემთხვევაში ხარჯი გაიზრდება, თუმცა ეს იმდენად დრამატული არ იქნება, რომ ვინმეს ბიზნესი დაუზიანდეს.

„როგორც მე ვიცი, ეს ძირითადად მსუბუქ ავტომობილებს ეხება (იმიტომ, რომ აშშ-დან ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ავტომობილების იმპორტი ხორციელდება). ძალიან მარტივი ფორმულაა, თუ დოკერების ხელფასი მოიმატებს, პორტის ხარჯი გაიზრდება და კონტეინერის ჩამოტანა გაძვირდება, რაც აისახება იმ პროდუქტზე, რაც შიგნით დევს.

თუმცა, მე ვფიქრობ, ამას დრამატული გავლენა ვერ ექნება, მილიონობით კონტეინერი ბრუნვაშია და ერთეულებზე გაანგარიშებით, შეიძლება ისეთი თანხა იყოს, ტვირთის მფლობელმა ვერც იგრძნოს. ეს ჩვეულებრივი პროცესია, ყველაფერი ძვირდება და დოკერის ხელფასი რომ გაიზარდოს, ამაში უჩვეულო არაფერია. ეს საქართველოს ეკონომიკას ვერ გააჩერებს ვერანაირად. ეს არ იქნება ისეთი მტკივნეული, რომ ვინმეს ბიზნესი დაუზიანდეს“,- ამბობს ირაკლი იაშვილი.

ნინი ქეთელაური