თბილისში, მოსკოვის გამზირზე, 83-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილები. ისინი სკოლის გახსნას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ „სკოლის შენობა რეაბილიტაციის მიზნით, დაახლოებით 4-5 წლის წინ დაანგრიეს და ჯერ კიდევ არ აშენებულა“.
მშობლების ინფორმაციით, მოსწავლეები დროებით №82-ე სკოლაში განათავსეს, რამაც სირთულეები შექმნა იმ თვალსაზრისით, რომ საკლასო ოთახები საკმარისი რაოდენობის არ არის და მოსწავლეებს ზოგჯერ გაკვეთილი სკოლის მიღმა, მათ შორის სტადიონზეც კი უტარდებათ.
„№83-ე სკოლა დაახლოებით 4-5 წლის წინ დაინგრა, რეაბილიტაციას საჭიროებსო და დაანგრიეს. №82-ე სკოლას შევეხიზნეთ, თუმცა, ერთ სკოლაში ორი სკოლა ვერ ვეტევით და მეორე ცვლაში ვართ გადასული. მეორე ცვლის ბავშვებს კლასები არ ჰყოფნით. მაგალითად, IX კლასის ზემოთ, XII კლასამდე ონლაინ სწავლებაზე არიან გადასული იმიტომ, რომ კაბინეტები არ ჰყოფნით. VI კლასის ზემოთ ჯგუფებში 2 გაკვეთილი ერთდროულად, ერთ დარბაზში ტარდება. ზოგიერთი გაკვეთილი კი დერეფანში იმიტომ, რომ მოსწავლეებს ოთახი არ აქვთ. არის შემთხვევები, როდესაც გაკვეთილი სტადიონზეც კი ტარდება. მაგალითად, ჩემს მესამე კლასელ შვილს მათემატიკის გაკვეთილი გარეთ ჩაუტარდა. მოვითხოვთ, რომ სკოლის აშენება დროულად დაიწყონ “, - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ აღნიშნული მოთხოვნით განათლების სამინისტროს და თბილისის მერიას მიმართეს, სადაც აღნიშნავენ, რომ სკოლის ასაშენებლად ტენდერი მოგებულია, მაგრამ დახარვეზებულია და ახალ პროცედურას საჭიროებს.
„ჩვენი სკოლის დირექტორი გვპირდება, რომ სკოლა დროულად აშენდება, მაგრამ უკვე 4 წელია ვერაფერს აგვარებს. მოგვიწოდებს, რომ სასწავლო პროცესი არ ჩაიშალოს, მაგრამ დღეს პროტესტის ნიშნად, სკოლაში საერთოდ არავინ მისულა და ყველა მშობელი აქ არის“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციაზე მივიდა სკოლის დირექტორიც, რომლის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. მშობლები პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვას ცდილობენ.