„თუ სახელმწიფოში არ იქნება ინფლაცია და 1 აშშ დოლარი ეღირება 2 ლარი, საწვავი დღესვე გახდება 1 ლიტრა - 2 ლარი“, - ამის შესახებ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
მან იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რომელიც საწვავის ფასის ფორმირებაში მთავარ როლს ასრულებენ და აღნიშნა, რომ აქციზის გადასახადი ერთ-ერთი ასეთია. მთავარი ფაქტორი კი ინფლაციაა, რომელიც ეროვნული ვალუტის კურსითაა განპირობებული.
„მთავრობას 1 ლიტრი საწვავი 1.8 ლარი უჯდება, რადგან ამ შემთხვევაში, შესყიდვა თავისუფლდება აქციზის გადასახადისგან. აქციზის გადასახადი აწვება მომხმარებელს ანუ მოსახლეობას. თუმცა, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ხდება ფასწარმოქმნა საწვავზე. საქართველო არ არის ნავთობიმპორტიორი ქვეყანა და ჩვენს მას ვყიდულობთ საერთაშორისო ტრაფიკებით. ამ ნავთობის ფასს პირველ რიგში განსაზღვრავს „ოპეკი“ და „პლატცი“ ანუ მათთან რა ღირს ბარელი ნავთობი და როგორია ქვეყანაში ვალუტის კურსი.
ძალიან მარტივია, რომ ნავთობიმპორტიორები დამოკიდებული არიან იმაზე, თუ რა ღირს დოლარი. როცა ვალუტის კურსი მერყეობს და ახლაც ვხედავთ ამ პროცესს, ნავთობიმპორტიორები, რომელთაც ორი-სამი თვის მარაგი შემოაქვთ, რა თქმა უნდა, ვერ გათვლიან კურსის ზუსტ მაჩვენებელს, ამიტომ იღებენ მაქსიმალურ თამასას. ასე რომ, დოლარის კურსის ვარიაციას დამატებული „ოპეკის“ და „პლატცის“ ფასი, ქმნის საბოლოო ფასს“,- განმარტა ეკონომისტმა.
მისი თქმით, თუ ინფლაციის მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზე ჩამოვა, საწვავის ფასი ბევრად დაიკლებს, აქციზის გადასახადის არსებობის მიუხედავად.
„ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი იკლებს, ჩვენთან რატომ არ იაფდება. იმიტომ, რომ იმპორტიორებს, უკვე ახალი, გაზრდილი ფასით უწვეთ ახალი სამი თვის მარაგის შემოტანა. საბოლოო ჯამში, საქართველოში გადასახადებით ძალიან დამძიმებული საწვავი იყიდება. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში არსებული იმპორტიორები ყველაზე ნაკლებად არიან ფასის მდგენლები საწვავზე. ყველაზე მეტად, მათ უნდათ, რომ იაფად გაყიდონ, მაგრამ ასე არ ხდება.
თუ სახელმწიფოში არ იქნება ინფლაცია და 1 აშშ დოლარი ეღირება 2 ლარი, საწვავი დღესვე გახდება 1 ლიტრა - 2 ლარი, თუნდაც აქციზი იყოს იგივე, რაც დღეს არის. პრობლემა არა აქციზის გადასახადში, არამედ ინფლაციაშია. იყოს დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ლართან და ყველას მოეწონება საწვავის ფასი“,- განაცხადა ოთო აბესაძემ.