ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გაუფასურდა, ევროსთან მკვეთრად გამყარდა - მიმდინარე კვირის დინამიკა

ეროვნული ვალუტისთვის მიმდინარე კვირა საიუბილეო თარიღს მოიცავდა. 29 წლის წინ, 1995 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად გამოცხადდა.

ამ კვირაში ლარმა დოლართან მიმართებით, გასულ კვირასთან შედარებით, სტაბილურობა შეინარჩუნა და მცირედით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებით მკვეთრად გამყარდა.

30 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7297 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.03 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0532 ლარი გახდა. მანამდე მოქმედი კურსი 3.0480 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.52 თეთრით გაუფასურდა.

1-ელ ოქტომბერს, ლარმა გაუფასურება განაგრძო და კურსის 0.14 თეთრით ცვლილების შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7314 ლარი გახდა.

ლარი მკვეთრად გამყარდა ევროსთან მიმართებით, კურსის 2.52 თეთრით ცვლილების შედეგად 1 ევროს ღირებულებამ 3.0280 ლარი შეადგინა.

2 ოქტომბერს, ლარის „დაბადების დღეს“ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.13 თეთრით გაუფასურდა და გაცვლითი კურსი 2.7327 ლარზე დადგინდა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0251 ლარი გახდა. ლარი მასთან მიმართებით 0.29 თეთრით გამყარდა.

3 ოქტომბერს, ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა. კურსის 0.08 თეთრით ცვლილების შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7335 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.76 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0175 ლარი შეადგინა.

4 ოქტომბერს, კვირის ბოლო სავაჭრო დღეს, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7354 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი მასთან მიმართებით 0.19 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება ევროს მისმა კურსმა 3.0177 ლარი შეადგინა. კურსის ცვლილება 0.02 თეთრი იყო.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ლარი დოლართან მიმართებით 0.57 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებით 3.03 თეთრით გამყარდა.

ნათია ზარიძე