„ბანკიდან აღებული მაქვს სესხი ოჯახის წევრის თავდებობით, რომელიც ვერ გადავიხადე“ -  წაართმევენ თუ არა თავდებს სახლს?

თავდებობით აღებული სესხის გადაუხდელობის და გაპრობლემების შემდეგ, შეექმნება თუ არა თავდების ქონებას საფრთხე - ამ და სხვა საკითხებზე „კვირის პალიტრა“ სისხლის სამართალში, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში ლიცენზირებულ ადვოკატს გიორგი ქათამაძეს ესაუბრა.

ბანკიდან აღებული მაქვს სესხი ოჯახის წევრის თავდებობით, რომელიც ვერ გადავიხადე. უკვე 3 წელია გასული, გადაეცა პრობლემურს. ჯერჯერობით არაფერი არ არის დაყადაღებული და ჩვეულებრივ ვსარგებლობ საბანკო ბარათებით. ჩემს სახელზე არანაირი ქონება არ არის, თავდების სახელზე კი გაფორმებულია საცხოვრებელი სახლი. შეიძლება ამ სახლს პრობლემა შეექმნას? ხომ არ წაართმევენ თავდებს სახლს?

- რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, 3 წელი უნდა იყოს გასული მოთხოვნის წარმოშობიდან და არა სესხის ხელშეკრულების დადებიდან. ამასთან, სესხი თავისით ხანდაზმულად ვერ იქნება აღიარებული და ხანდაზმულობა სასამართლოს გზით უნდა დადგინდეს. თავდების პასუხისმგებლობა, როგორც წესი, არის სოლიდარული, ამიტომ თავდებიც ისეთივე პასუხისმგებელია, როგორიც ძირითადი მსესხებელი, ხოლო პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მთელი თავისი ქონებით, იქნება ეს მოძრავი თუ უძრავი.

ცივი იარაღის ტარებისთვის დაკისრებული მაქვს ჯარიმა, ვაპირებ გერმანიაში წასვლას და საზღვარი რომ გადავკვეთო, პრობლემა ხომ არ შემექმნება?

- თუ მხოლოდ ჯარიმა არის შეფარდებული და ტერიტორიის დატოვება არ არის აკრძალული, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეიქმნება. ბინაში მყავს მდგმურები და ბინას ვატოვებინებ, სხვაზე უნდა გავაქირაო.

ძველი მდგმურები არ გასულან და არც ბინის დათვალიერების უფლებას მაძლევენ, რომ ახალი მდგმური მივიყვანო. როგორ მოვიქცე? მაქვს თუ არა უფლება, სანამ გავლენ ბინიდან, სხვა მსურველებს ბინა ვაჩვენო?

- საცხოვრებელი, ვისაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აქვს დაკავებული, შეიძლება გამოსახლდეს სასამართლო გადაწყვეტილებით. გარდა ამისა, სარჩელით უმჯობესია მოთხოვილ იქნეს მიუღებელი შემოსავალი, თანხა, რომელიც გაქირავებით უნდა მიეღო მეპატრონეს. სხვა მხრივ რაიმე ბერკეტი არ არსებობს, რომ თუნდაც დასათვალიერებლად შევიდეს მესაკუთრე, თუ დამქირავებელი არ უშვებს. ვაქირავებ ბინას უცხოელ სტუდენტებზე.

შემიძლია ქირავნობის ხელშეკრულება დოლარში გავაკეთო? სად უნდა დავრეგისტრირდე, რომ საშემოსავლო გადავიხადო? როგორც მითხრეს, ქირის 5 პროცენტია გადასახდელი.

- შესაძლებელია ხელშეკრულებაში მიეთითოს თქვენთვის სასურველი დოლარის ეკვივალენტი ლარში და თანხის გადახდა მოხდეს დოლარში. იმისათვის, რომ პირმა ისარგებლოს საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთათვის გათვალისწინებული საგადასახადო წესით უნდა დარეგისტრირდეს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ავტორიზებულ მომხმარებლად, განცხადების რეგისტრაცია უფასოა და კეთდება ერთ სამუშაო დღეში, ხოლო აღნიშნული მომსახურება სერვისცენტრში ფასიანია და ღირებულება შეადგენს 50 ლარს. დიახ, აღნიშნული სახის შემოსავალი იბეგრება 5%-ით.

განაგრძეთ კითხვა