ქუთაისში ჩაის სექტორის პირველი რეგიონული ფორუმი გაიმართება

ქუთაისში ხვალ ჩაის სექტორის პირველი რეგიონული ფორუმი გაიმართება. ფორუმს უმასპინძლებენ: ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) და მისი განმახორციელებელი პარტნიორები: "ქეა" საერთაშორისო კავკასიაში, ISET, რეგიონალური განვითარების სააგენტო და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. ჩაის სექტორის რეგიონულ ფორუმს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, ასევე ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის მაღალი ოფიციალურის პირები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ფორუმის ფარგლებში აქცენტები ჩაის წარმოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე გაკეთდება. განხილულ საკითხებს შორის იქნება ფერმერთა ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემდგომი ინტეგრაცია ჩაის ღირებულებათა ჯაჭვში და ფერმერთა დაკავშირება ბიზნეს-შესაძლებლობებთან, სექტორის პროდუქტიულობის გაუმჯობესება, ახალი საექსპორტო ბაზრების იდენტიფიცირება და ჩაის ბრენდების განვითარება და მართვა.

აღნიშნული ფორუმი არის ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული პირველი ღონისძიება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დიალოგების სერიიდან, რომელიც CARE International-თან, რეგიონული განვითარების ასოციაციასა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით იმართება.