მე სიტყვის კაცი ვარ და ვერც ერთ საქმეს ვერ ნახავთ, სადაც ვთქვი და ვერ გავაკეთე. თუ რამემ ხელი შემიშალა, მაგალითად, ანაკლიაში, იქ გამოვედი და ვთქვი, ჩემს თავს ზემოთ ძალებმა გააჩერეს ეს ყველაფერი-მეთქი, ისეთი ძალები ჩაერივნენ, შეუძლებელი იყო, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, „ძლიერი საქართველო“ ერთადერთი კოალიციაა, რომელსაც 27 ოქტომბრიდან სამოქმედო გეგმა სრულად აქვს.
„21 დღეში არის გამარჯვება საქართველოსთვის, გამარჯვება იქნება „ძლიერი საქართველოსთვის“ და დასრულდება 12-წლიანი სტაგნაციის, ტყუილის პერიოდი და რეალურად, ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად ახალ რეალობაში გადავა, ახალ ცხოვრებას დავიწყებთ. მინდა, ამ განწყობას თქვენი მხარდაჭერა ჰქონდეს და ერთად დავაფიქსიროთ, რომ ეს გამარჯვება ძალიან ახლოსაა.
ივლისში შევქმენით ძალიან ძლიერი კოალიცია, ამის კეთება დავიწყეთ იქამდე, ვიდრე არჩევნები იქნებოდა, რადგან საქართველოში პირველად ტარდება სრულად პროპორციული არჩევნები და ყველამ ვიცით, რომ ეს ქვეყანა კოალიციამ, სხვადასხვა პარტიებმა უნდა მართონ, რომლებიც შეთანხმებული არიან გეგმაზე, გემაზე, რომელიც ქართველ ხალხს, თითოეულ ოჯახს და თითოეულ ადამიანს ემსახურება. ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა, რადგან 4 პარტია გავერთიანდით. ამ პროგრამის წერის დროს კამათიც გვქონდა, 1000-ლარიან პენსიაზე გქონდა კამათი, ალეკოს [ელისაშვილი] დარწმუნება რთული იყო, მაგრამ შევჯერდით იმაზე, რომ ერთადერთი კოალიცია ვართ, რომელთაც გვაქვს სრული გეგმა, როგორ უნდა დავიწყოთ მოქმედება 27 ოქტომბერს, როგორ უნდა გამოვასწოროთ ქვეყანაში მიძინებული სიტუაცია, ეს იქნება მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, თუ ემიგრაცია“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე განმარტებით, ქვეყნის ადგილი ევროპაშია და აღნიშნულისთვის ის მის თანამოაზრეებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს.
„რას დაგვპირდა ბიძინა ივანიშვილი? - დაგვპირდა 100 ქარხანას, აქ ვერ ვხედავ ქარხნებს, გადამამუშავებელ საწარმოებს ვხედავ, მაგრამ ქარხნებს ვერ ვხედავ. მე ვერ ვხედავ ვერც ერთ რეგიონში, სადაც ვმოგზაურობ და დამერწმუნეთ, მთელი საქართველო მოვიარე ჩემს მეგობრებთან ერთად, ვერ ვხედავ „უფასო ფულს“, ვერ ვხედავ ევროპელების განცვიფრებულ სახეებს ჩვენი დემოკრატიით, 12 წელი ტყუილების კასკადია, უკვე ტყუილზე აღარ არის ლაპარაკი, როცა ერთხელ მოგატყუებენ, მეორედ არ უნდა მოატყუებინო თავი, რადგან ამ მდგომარეობაში ვიქნებით. ახლა ბაზრიდან მოვდივარ და არ მინდა ეს საქართველო ვიხილო 27 ოქტომბრის შემდეგ...
როცა 1000-ლარიანი პენსიით გამოვედით, მერწმუნეთ, ეს არ არის რაღაც დაპირება, ჯერ ერთი, მე სიტყვის კაცი ვარ და ვერც ერთ საქმეს ვერ ნახავთ, სადაც ვთქვი და ვერ გავაკეთე. თუ რამემ ხელი შემიშალა, მაგალითად, ანაკლიაში, იქ გამოვედი და ვთქვი, ჩემს თავს ზემოთ ძალებმა გააჩერეს ეს ყველაფერი-მეთქი, ისეთი ძალები ჩაერივნენ, შეუძლებელი იყო, მაგრამ გპირდებით, რომ ამას გავაკეთებთ აუცილებლად, როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით. პირველივე წელს გავზრდით რადიკალურად, 4 წელში მივაღწევთ ამას“, - განაცხადა ხაზარაძემ.