ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასრულებისთვის ევროპის ქვეყნებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მიიღო. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველი თემები იყო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა − ამ სფეროში საქართველო-ბელგიას შორის თანამშრომლობა, მიგრაციის მენეჯმენტი და ტრეფიკინგი.  მათივე ცნობით, ამ საკითხებზე სასაუბროდ ბელგიის დელეგაცია საქართველოში იუსტიციის მინისტრისა და მიგრაციის საბჭოს ხელმძღვანელის − თეა წულუკიანის, მოწვევით ჩამოვიდა.

წულუკიანმა ბელგიის დელეგაციას ის სიახლეები გააცნო, რაც მიგრაციის სფეროს რეგულირებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა. საუბარი შეეხო საემიგრაციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და უსაფრთხო დოკუმენტებთან დაკავშირებულ აქტივობებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2013 წლიდან ქვეყანას აქვს მიგრაციის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებაშიც, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, მონაწილეობდნენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, 2014 წლიდან კი ძალაში შევიდა ცვლილებები საქართველოს კანონებში − "მოქალაქეობის შესახებ" და "უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ"; მიმდინარე წლიდან კი პარლამენტმა მიიღო კანონი "შრომითი მიგრაციის შესახებ".

ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ორ ძირითად პრობლემაზე − ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებზე, მიანიშნა, რაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამდე უნდა მოგვარდეს. მათი თქმით, მხოლოდ ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მაქსიმალური შემცირებითა და რეადმისიის მაჩვენებელთა გაზრდით შეიძლება სიტუაციის დარეგულირება. ამასთან, თეო ფრანკემ აღნიშნა, რომ საქართველოს და ბელგიას შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკაა როგორც რეადმისიის, ისე არალეგალი მიგრანტების იდენტიფიკაციის კუთხით.

ვიზიტის ფარგლებში ბელგიის დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლსაც ეწვევიან და სახელმწიფო სერვისების გაცემის სპეციფიკას გაეცნობიან.

ბელგიის დელეგაცია საქართველოში ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ფარგლებში იმყოფება. მისმა წევრებმა უკვე გამართეს შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან. დაგეგმილია ვიზიტები საგარეო საქმეთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროებში.