ვინ დარჩა აშშ-ის პორტების გაფიცვის დასრულებით ყველაზე მეტად მოგებული

შეერთებული შტატების აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროს პორტებში 50 ათასამდე მტვირთავ მუშაკთან შეთანხმება შედგა და ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გაფიცვა დასრულდა. მიუხედავად გარიგებისა, კვლავ რჩება სადავო საკითხები.

ხელფასების შესახებ შეთანხმებამ შეაჩერა პროცესი, რაც ამერიკისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში უდიდესი ეკონომიკური დარტყმის მიყენება შეეძლო. საუბარია იმაზე, რომ გაფიცვის შედეგად ათობით პორტში იმპორტ-ექსპორტის ნაკადები 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა ხელფასებთან დაკავშირებულ შეთანხმებას მიაღწიეს. უფრო კონკრეტულად, პროფკავშირები ხელფასების 77%-ით გაზრდას მოითხოვდნენ, გარიგების მიხედვით კი 68%-იან ზრდას მიაღწიეს.

მიუხედავად ხელფასებთან დაკავშირებული შეთანხმებისა, კვლავ მოლაპარაკების საგანია ავტომატიზაციის სისტემები და ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. მედია წერს, რომ ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი 2025 წლის 15 იანვრამდე უნდა ჩამოყალიბდეს, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს სხვა მოთხოვნების შესახებ მოლაპარაკებას მიაღწიონ.

CNN აქვეყნებს სტატიას იმის შესახებ, თუ ვინ დარჩა შეთანხმების შედეგად ყველაზე მეტად მოგებული. გამოცემის ცნობით, ხელფასებთან დაკავშირებული გარიგება ყველაზე მომგებიანი International Longshoremen’s Association-ის წევრებისთვის აღმოჩნდა. მათი ამჟამინდელი საათობრივი ანაზღაურება 39 დოლარს შეადგენს, გარიგების შედეგად ისინი საათში დამატებით 4 დოლარს მიიღებენ. ამასთანავე, კონტრაქტით გათვალისწინებული ექვსი წლის განმავლობაში საათობრივი ანაზღაურება ყოველ წელს 4 დოლარით მოიმატებს.

მერი ტაბატაძე