ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადება ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შესახებ სამარცხვინოა.
„ტერორის ღერძი ერთად დგას. მაგრამ ქვეყნები, რომლებიც სავარაუდოდ ეწინააღმდეგებიან ამ [ღერძს] ითხოვენ ისრაელზე იარაღის ემბარგოს დაწესებას. რა სამარცხვინოა“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
მისი მტკიცებით, ისრაელი გაიმარჯვებს მათი მხარდაჭერით ან მის გარეშე, მაგრამ მათი სირცხვილი ომის გამარჯვების შემდეგაც დიდხანს გაგრძელდება.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ამ განცხადებას ემანუელ მაკრონის ოფისი გამოეხმაურა და ნეთანიაჰუს რეაქცია შეაფასა, როგორც „გადაჭარბებული და საფრანგეთისა და ისრაელის მეგობრობისგან მოწყვეტილი“. საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი კვლავ ისრაელის მტკიცე მეგობარია.
შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონი ისრაელისთვის ღაზის სექტორში საბრძოლველად იარაღის მიწოდებების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა და განაცხადა, რომ ღაზის სექტორში თითქმის ერთწლიანი ომი “პოლიტიკურ მოგვარებას” საჭიროებს.