ტაილანდის მეფე, ბრუნეის სულთანი, ლიხტენშტეინის პრინცი - ვინ არის მსოფლიოს 10 უმდიდრესი მონარქი

მსოფლიოს უმდიდრესი მონარქები უძველესი დინასტიების შთამომავლები არიან, რომლებიც ოდესღაც აბსოლუტურ ბატონობას ფლობდნენ ქვეყნებსა და ეკონომიკაზე.

დემოკრატიზაციის ეპოქაში მონარქებმა შეინარჩუნეს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სამეფო ოჯახების სტატუსი და ქონებაც.

Business Standard-ის შეფასებით, მსოფლიოს 10 უმდიდრესი მონარქი ერთობლივად ფლობს დაახლოებით 134 მილიარდ დოლარს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზ III, გაერთიანებული სამეფოს მეფე, გლობალურად ყველაზე გავლენიანი მონარქია, ის არ მოხვდა სიაში. წყაროების თანახმად, მისი ქონება დაახლოებით 747 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

გთავაზობთ, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ მონარქს:

1. მაჰა ვაჯირალონგკორნი - ტაილანდის მეფე

ტაილანდის დღევანდელი მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მონარქია. მან ტახტი 2016 წელს მამის, მეფე ბუმიბოლ ადულიადეის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა. როგორც გარდაცვლილი მეფის ერთადერთი ვაჟი, ვაჯირალონგკორნი იყო მემკვიდრე და ოფიციალურად დასახელდა გვირგვინოსან პრინცად 1972 წელს.

მისი ქონება 43 მილიარდ დოლარს შეადგენს.

2. მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი - არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტი და აბუ დაბის მმართველი

2022 წელს მისი ძმის, შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის გარდაცვალების შემდეგ, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი გახდა არაბეთის გაერთიანებული საამიროების მესამე პრეზიდენტი და აბუ დაბის მმართველი. Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 30 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მისი სიმდიდრე მომდინარეობს აქტივების მრავალფეროვანი პორტფელიდან, მათ შორის, აქვს მნიშვნელოვანი წილები Abu Dhabi National Oil Company (ADNOC), Emirates Global Aluminium (EGA) და Etihad Airways- ში.

3. ჰასანალ ბოლკია - ბრუნეის სულთანი

ჰასანალ ბოლკია არის ბრუნეის სულთანი და მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი მონარქი, რომლის ქონება 28 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ის არის ბრუნეის მმართველი 1967 წლიდან. მისი ქონება ბრუნეის ნავთობისა და გაზის მარაგებიდან მიღებული უზარმაზარი სიმდიდრის კვალდაკვალ იზრდება.

4. სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი - საუდის არაბეთის მეფე

სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი, ამჟამად საუდის არაბეთის მეფეა. ტახტზე 2015 წელს ავიდა, მისი ნახევარძმის, მეფე აბდულას გარდაცვალების შემდეგ. მისი ქონება 18 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მანამდე ეკავა სხვადასხვა სამთავრობო თანამდებობები, მათ შორის იყო რიადის პროვინციის გუბერნატორი და თავდაცვის მინისტრი.

KSA-ს სამეფო ოჯახის სიმდიდრის გარდა, მისი სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი მომდინარეობს საუდის არაბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ნავთობის ინდუსტრიიდან და ინვესტიციებიდან სხვადასხვა სექტორში, როგორიცაა უძრავი ქონება, საბანკო და ტელეკომუნიკაციები.

5. მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი - არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი

მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი იყო არაბეთის გაერთიანებული საემიროების ვიცე პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.

2006 წლიდან კი დუბაის მმართველია. ის 14 მილიარდ დოლარს ფლობს. ალ მაკტუმი ცნობილია თავისი ამბიციური განვითარების პროექტებით დუბაიში.

6. ანრი - ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი

ჰერცოგი ანრი არის ლუქსემბურგის ამჟამინდელი მონარქი, რომელიც ტახტზე 2000 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ავიდა.

ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი მონარქია და ქონება 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი და კაბინეტი ფლობენ აღმასრულებელი ძალაუფლების უმეტეს ნაწილს. თუმცა, მისი სიმდიდრე შეიძლება მიეწეროს დიდი ჰერცოგის ქონებას, მათ შორის ინვესტიციებს, უძრავ ქონებას და დიდი საჰერცოგოს ფოლადის ინდუსტრიაში წილს.

7. ჰანს-ადამ II - ლიხტენშტეინის პრინცი

პრინცი ჰანს-ადამ II არის ლიხტენშტეინის მმართველი პრინცი 1989 წლიდან. იგი ცნობილია ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებში მონაწილეობით.

მისი მნიშვნელოვანი სიმდიდრე, უპირველეს ყოვლისა, მომდინარეობს ლიხტენშტეინის სამთავროს დიდი აქტივებიდან. გარდა ამისა, მონაწილეობს სხვადასხვა ბიზნეს საწარმოებში, რომლებიც მოიცავს ინვესტიციებს საბანკო საქმეებში, უძრავ ქონებაში და სხვადასხვა ინდუსტრიაში.

ოჯახის კერძო ბანკი, LGT Group, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ ფინანსურ პორტფელში.

8. ტამიმ ბინ ჰამად ალ თანი - კატარის ემირი:

ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანი არის კატარის ამჟამინდელი ემირი, რომელიც ტახტზე 2013 წელს ავიდა. მისი ქონება 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

როგორც სახელმწიფოს მეთაური და ნავთობით მდიდარი ერის აბსოლუტური მონარქი, მისი უზარმაზარი სიმდიდრე, ძირითადად, მომდინარეობს კატარის საინვესტიციო ორგანოში (QIA), ქვეყნის სუვერენული სიმდიდრის ფონდში მისი წილებიდან.

9. მოჰამედ VI - მაროკოს მეფე

მუჰამედ VI არის მაროკოს ამჟამინდელი მეფე, რომელიც ტახტზე ავიდა 1999 წელს მამის, ჰასან II-ის გარდაცვალების შემდეგ და მისი ქონება 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მისი მეფობის პერიოდში მუჰამედ VI-მ გაატარა სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, როგორიცაა პრემიერ-მინისტრისთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭება და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

ის თავის სიმდიდრეს იღებს ინვესტიციებისა და ბიზნეს საწარმოების მრავალფეროვანი პორტფელიდან.

10. ალბერტ II - მონაკოს პრინცი

მონაკოს პრინცს ალბერტ II -ს აქვს 1 მილიარდი დოლარის წმინდა ქონება, რაც, უპირველეს ყოვლისა, მომდინარეობს მონაკოს სამთავროს მიერ გამომუშავებული უზარმაზარი სიმდიდრისგან.

კაზინოებმა, ძვირადღირებულმა სასტუმროებმა და მაღალი დონის უძრავმა ქონებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პრინც ალბერტ II-ის სიმდიდრეში.

წყარო: indianexpress.com

თეონა რამაზაშვილი