შირაქის ველზე ხორბლის მოსავალი აიღეს

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია და კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  წელს საქართველოში ხორბლისა და ქერის რეკორდული მოსავალია, რასაც ხელი, კლიმატურ პირობებთან ერთად, სწორად შერჩეული სათესლე მასალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ შეუწყო. შირაქისა და ტარიბანის ველებზე ქერის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 4-დან 7 ტონამდე მერყეობს. ფერმერთა განცხადებით, წელს 1 ჰექტარზე 7 ტონა და 400 კილოგრამი ქერი მოიმკა.

ოთარ დანელიას თქმით, სამინისტრო მარცვლეული კულტურების წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რათა მომავალი წელი კიდევ უფრო უხვმოსავლიანი იყოს. სამინისტროს მხარადჭერით მარცვლეული კულტურების ჯიშთა გამოცდის პროექტი ხორციელდება, რაც ქვეყანაში დარაიონებული და გამოცდილი ჯიშების გავრცელებას უზრუნველყოფს. შირაქის ველზე, 17 ჰექტარზე ფერმერ გიორგი თეთრაშვილს ახალი გერმანული ჯიშის ხორბალი ჰქონდა დათესილი. ფერმერმა წელს ჰექტარზე 5 ტონამდე მოსავალი აიღო, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტია. ალოობაზე სოფლის მეურნობის სამინისტროს შპს "მექნიზატორის" 30 ერთეულამდე კომბაინი მუშაობს.

კახეთის რეგიონში ხორბლის ნათესი ფართობი 35 ათას ჰექტრამდეა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, წელს 118 404 ტონა ხორბალს ელოდებიან, ჯამში კი წელს საქართველოში ხორბლის მოსავალი 166 ათას ტონაზე მეტი იქნება.