ბათუმში ფესტივალი „განდაგანა“ ჩატარდება - ღონისძიების სავარაუდო ღირებულება 150 ათასი ლარია

ბათუმში ევროპის მოედანზე, დუმბაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩაზე ტურისტული ფესტივალი „განდაგანა“ ჩატარდება. ტენდერი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 150 ათასი ლარია.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელმა სივრცითი დეკორაციების, ინსტალაციების, კვების ზონების, ეთნო კუთხეების, თაღებისა და საშემოდგომო თემატიკაზე გარემოს მოწყობას უნდა უზრუნველყოს.

„ფესტივალი „განდაგანა“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ადგილობრივებსა და ვიზიტორებს ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგზაურობას ჰპირდება. ფესტივალის მიზანია სოფლის ტურიზმის პოპულარიზაცია და ამ მიზნით ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ფესტივალის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ადგილზე წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფელი. სატენდერო მონაცემების თანახმად, ღონისძიება 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩატარდება.

წინადადებების მიღება 5 ოქტომბერს დაიწყო და 8 ოქტომბერს დასრულდება.

მერი ტაბატაძე