დარეჯან ბერძენიშვილს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. წლების წინ მან თბილისურ კარიერაზე თავისი ნებით თქვა უარი და მშობლიურ გურიას - არაჩვეულებრივ ხიდისთავს დაუბრუნდა. თავდაპირველად საქმიანობა ეკოლოგიურად სუფთა და რაც მთავარია, ახლებური და მისებური მეთოდით დაჩირებული ნატურალური, სანდო ჩირის წარმოებით დაიწყო. მისი საქმიანობა “აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებშია წამოწყებული და მისმა ჩირებმა უკვე სახელიც გაითქვა, ბაზარზეც შეძლო თავის დამკვიდრება.
ჩირს და ლამაზად მოვლილ ეზო-კარს კი სტუმარიც ბევრი მოჰყვა და რომ არ დაეტია ერთ დიდ, დაკას გემოვნებით მოწყობილ და სტუმრების შთაბეჭდილებებით მორთულ სახლში, მასპინძელმა, "აწარმოე საქართველოს" და სოფლის მეურნეობის სააგენტოს საშეღავათო კრედიტის ფარგლებში, იქვე ეზოში მიამატა სტუმრებისთვის განკუთვნილი კოტეჯები და დღეს "სკიჯის სახლი" გულთბილად მასპინძლობს ქართველ თუ უცხოელ სტუმარს და სოფლის ტურიზმის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. იმაზე, თუ რა შეიცვალა წლების განმავლობაში და რა სამომავლო გეგმებია, დაკა თავად გვესაუბრება:
- ჩვენი პირველი ინტერვიუ 2016 წელს შედგა და მაშინ თქვენი საქმიანობა პირველ შედეგებს იმკიდა. საინტერესოა, რა შეიცვალა მას მერე, როგორ განვითარდა და გაფართოვდა შენი საქმიანობის სფერო და ახლა რით ხარ დაკავებული?
- ბევრი რამ შეიცვალა, დაწყებული საქმიანობის მრავალფეროვნებით დამთავრებული კარ-მიდამოთი. 2016 წელს მხოლოდ ჩირის წარმოება გვქონდა, ისიც სახლის პირობებში. მოგვიანებით კი ამ სახლის, ეზო-კარის მოწესრიგებასთან ერთად მოვინდომეთ სტუმრების მიღება და საოჯახო სასტუმროს მიმართულებაც დავამატეთ, რაც ჩვენთან ერთად თანაცხოვრებას და სოფლის ტურიზმის იდეას ატარებს. სტუმრები არც მანამდე გვაკლდა, თუმცა 2017 წელს „სასტუმროს“ პირველი სტუმრები - გერმანელი ცოლ-ქმარი გვყავდა. მას შემდეგ საქმეც და მიმსვლელ-მომსვლელიც ერთნაირად იმატებს.