„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ბიზნესპრესნიუსი“ აღნიშნულს უცვლელად გთავაზობთ.
„ამომრჩევლის დადანაშაულება არ ითვლება სწორ საქციელად და არავინ ურჩევს ამას პარტიებს. მოიგე, შენი დამსახურებაა, წააგე, შენ თავს დააბრალე. ვინაიდან არა ვარ არცერთ საარჩევნო სიაში და არცერთ პარტიაში, საკუთარი აზრების უფრო თავისუფლად გამოხატვა შემიძლია. მინდა ავუხსნა იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჯერ კიდევ მხარს უჭერენ ამა თუ იმ მიზეზით „ქართულ ოცნებას“, რა ელის მათ და მთელ ქვეყანას “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში:
- ქვეყანა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში. თუ რას ნიშნავს ეს, დააკვირდით რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ბელარუსში არსებულ მდგომარეობას. შემთხვევით არ ახსენა ევროკავშირის ელჩმა ბოლო ორ ბრიფინგზე ეს ქვეყანა სანქციების კონტექსტი.
- გაუქმდება უვიზო მიმოსვლა. ვიზების გაცემა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდება, რადგან ვიზის მოთხოვნა აღქმული იქნება ამ ქვეყანაში არალეგალურად დარჩენის სურვილად.
- გაჩერდება ყველა სახის დახმარება: გრანტები, იაფი კრედიტები, სავალუტო ფონდის იაფი ინექციები. მინიმუმამდე დავა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.
- ლარი მკვეთრად გაუფასურდება, გაიზრდება ფასები. დღეისათვის ეროვნული ბანკის რეზერვები ისედაც ჩამოსცდა კრიტიკულ ზღვარს, რადგან ეროვნულმა ბანკმა ლარის მკვეთრი გაუფასურების დროებით შესაჩერებლად სექტემბრის თვეში და ოქტომბრის თვის დასაწყისში დიდძალი ინტერვენციები განახორციელა. ამის მიზეზი ხელისუფლების წარმომადგენლების და ბიძინა ივანიშვილს ზღვარგადასული ანტიდასავლური განცხადები იყო, რასაც მოჰყვა ოთხი პირის დასანქცირება და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კანდიდატად გამოცხადება. ამანაც კი შეარყია ლარი. ეროვნული ბანკი არჩევნებამდე ლარს ხელს არ გაუშვებს, რასაც რეზერვების იმ მასშტაბამდე შემცირება მოჰყვება, რომ არჩევნების შემდეგ მისი დევალვაციის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება. ეს იმ ვითარებაში, როცა სავალუტო ფონდმა შეაჩერა საქართველოსთან ურთიერთობა და სწრაფი დახმარების სხვა წყარო არ არსებობს. ამის თავიდან აცილება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლითაა შესაძლებელი.
- ქვეყანა დაიცლება.
- ბელარუსისაგან განსხვავებით, რომელიც სრულ კრახს რუსეთმა გადაარჩინა, პირველ რიგში ნავთობის და გაზის მნიშვნელოვნად იაფად მიწოდებით, ვიდრე საბაზრო ფასია, საქართველოს ასეთი მხარდამჭერი არ ეყოლება. ჩვენთვის ამ როლს დასავლეთის ქვეყნები და ორგანიზაციები ასრულებდა.
- დასავლეთის მხრიდან პოლიტიკური იზოლაცია დიდ საფრთხეში ჩააგდებს ქვეყანას და რუსეთის სატელიტად აქცევს მოსალოდნელი შედეგებითურთ.
რაც შეეხება ამომრჩეველს. დღეს არ არის ის შემთხვევა, როცა ვერ გარკვეულა ადამიანი ვითარებაში და რაღაც მიზეზებით არასწორ არჩევანს აკეთებს. დღეს ყველაფერი ნათელია. “ოცნების” ხელისუფლებამ ქვეყანას უღალატა. დასავლეთის მთელმა დემოკრატიულმა სამყარომ ზურგი აქცია. ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც არ არის ადეკვატური. ტყვიაგაუმტარი შუშის ყუთით დაიარება, რომ წინიდან არ ესროლონ. ეს ყუთი ფოლადის ჯავშანზე დგას რომ ვინმე ნაღმი ქვემოდან არ დაუდოს და ზემოდან რკინის ბადე აქვს დაფარებული, დრონებიდან შეტევა რომ მოიგერიოს.
საღი აზრის მქონე ადამიანს ამის დანახვა არ გაუჭირდება. მიუხედავად ამისა, თუ მაინც უჭერს მხარს ამ მოღალატე რეჟიმს, მაშინ საქმე სხვა რამეშია.
„ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენა და ქვეყნის გაკოტრება ამ ადამიანების ბრალიც იქნება.
სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს. თუ საით გადაიხრება, ჩვენზეა დამოკიდებული“, - წერს რომან გოცირიძე.