დანიელების უმრავლესობა არაჯანსაღი საკვების რეკლამირების შეწყვეტას ემხრობა

დანიელების ნახევარზე მეტი, ანუ 54% ინტერნეტში ჩიფსების, ტკბილეულისა და გაზიანი სასმელების რეკლამის სრულად აკრძალვას ემხრობა, რომ ბავშვები და ახალგაზრდები სიმსუქნისგან დაიცვან.

ამის შესახებ დანიის კიბოსთან ბრძოლის საზოგადოების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში წერია, რასაც “ევროპულსი” ავრცელებს.

გამოკითხულთა 55%, ასევე, მიიჩნევს, რომ არაჯანსაღი საკვები პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიებმა შეფუთვაზე მულტფილმის გმირების ან ცნობილი ადამიანების სურათები არ უნდა გამოიყენონ.

დანია უკვე განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ბლოგერებისთვის რეკლამის წესებს განსაზღვრავს. არ არის გამორიცხული, რომ აიკრძალოს ის გამოწვევები და კონკურსები, რომელიც არაჯანსაღ საკვებს მოიცავს. ასეთი არის, მაგალითად, შეჯიბრება ამ საკვების სწრაფად ჭამაში და ტკბილეულის ან გაზიანი სასმელების კომპლექტთა გათამაშება.

კიბოსთან ბრძოლის საზოგადოებას, ასევე, პროდუქტებში მარილის, შაქრისა და ცხიმის შემცველობის ნორმების დაწესება სურს, რომ ინტერნეტში მათი რეკლამირება შესაძლებელი გახდეს.

ამასთან, დანიაში უკვე არსებობს სურსათის რეკლამის ნებაყოფლობითი კოდექსი, რომელიც საბავშვო მედიისგან და ვებგვერდებისგან მავნე საკვები პროდუქტების რეკლამირების შეწყვეტას მოითხოვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ