„უნიკალურია, საქართველოში პირველია ასეთი ბროწეულის ღვინო - საფერავის ბაზაზეა დამზადებული“

საქართველოში ბროწეულის ღვინოს მეორე წელია, რაც კომპანია Pomegranate wine აწარმოებს. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანიის თანადამფუძნებელი თორნიკე დიასამიძე აღნიშნავს, Pomegranate wine უნიკალურია იმ კუთხით, რომ საფერავის ბაზაზე მზადდება.

მისივე ცნობით, გასულ წელს წარმოებამ 6 ათასი ბოთლი შეადგინა. წელს კი კომპანია რაოდენობის გაზრდას აპირებს.

„მეზობელ ქვეყნებში, აზერბაიჯანსა და სომხეთში არის ბროწეულის ღვინო, თუმცა ჩვენს ღვინოს ექსკლუზივი აქვს ის, რომ საფერავის ბაზაზე არის დამზადებული. 70% არის საფერავი და დანარჩენი ბროწეულია. სხვა ბროწეულის ღვინოებისგან განსხვავებით ქერქთან ერთად კეთდება. საქართველოში ასეთი ბროწეულის ღვინო არის პირველი.

ღვინოს კოლაბორაციულად ვაწარმოებთ მუკუზანში, აქვე გვაქვს მცირე მარანი და ჩამოსხმის თვალსაზრისით ორ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. იქიდან ჩამოდის უკვე ეტიკეტირებული და მოსანთლული, შემდეგ კი თბილისსა და ბათუმში საწყობდება,“ - აღნიშნავს თორნიკე დიასამიძე.

ბროწეულის ღვინო ამჟამად თბილისსა და ბათუმში ტურისტულ ადგილებში მდებარე მცირე მაღაზიებშია შეტანილი. ასევე, გვხვდება სუპერმარკეტების ქსელ „გუდვილში“.

„ქსელურ სუპერმარკეტებში შეტანა არის პრობლემა, ხომ არის რომ კარზე აკაკუნებ და არ გიღებენ, აქ ისეთი ამბავია, რომ კარსაც ვერ ვპოულობთ რომ დავაკაკუნოთ. ვაპირებთ, რომ მეტი ბაზარი მოვიცვათ. წარმოების ზრდა ან შემცირება დამოკიდებულია ბაზარზე. ახლა რა სიმპტომებიც იგრძნობა, გვაქვს შესაძლებლობა, რომ მეტ ბაზარზე ვიყოთ წარმოდგენილი,“ - დასძინა დიასამიძემ.

ბაზარზე ბროწეულის ღვინოზე მოთხოვნა დიდია. დიასამიძის თქმით, მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებენ, რადგან ამ ეტაპზე ბაზრის მოცვა სრულად ვერ ხორციელდება.

„ღვინის ფასი საშუალო კატეგორიის მომხმარებელზეა გათვლილი და კლასიკურ ღვინოებთან მიმართებით მეტად მოთხოვნადია. ამ მეტ მოთხოვნას ვერ ვპასუხობთ იმიტომ, რომ ვერ ვართ ბაზარზე სრულად მოცული. საბაზრო ღირებულება 40 ლარამდეა,“ - განაცხადა თორნიკე დიასამიძემ.

რაც შეეხება ექსპორტს, როგორც თორნიკე დიასამიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, კომპანიის სტრატეგიის მთავარი ნაწილი საქართველოს მოცვა, შემდეგ კი ბროწეულის ღვინის ექსპორტზე გატანაა.

მერი ტაბატაძე