"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გრძელდება

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება გრძელდება და 2015 წლის 29 ივნისიდან ქვეყნის მასშტაბით დარჩენილ რეგიონებს - კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, შიდა ქართლს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, გურიასა და აჭარას დაფარავს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, აღნიშნული პროგრამის ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაცნობის მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით დაგეგმილია საინფორმაციო სახის შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.

შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, გიორგი ციკოლია, ასევე რეგიონებში პროგრამის უშუალო განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრები გაიმართება მოკლე პრეზენტაციისა და კითხვა-პასუხის ფორმატით, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, უშუალოდ პროგრამის ინიციატორებისა და მასში მონაწილე პირებისგან მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია და ჩაერთოს ახალ სამთავრობო ინიციატივაში.

კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და აჭარაში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2015 წლის 29 ივნისიდან დაიწყო, 3 აგვისტოს კი ბიზნეს იდეების კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდება, რომელიც შერჩეული ბიზნეს იდეის განხორციელებაში ჩართული მეწარმე სუბიექტის 5000 ლარის ოდენობით (მეწარმეთა ორკაციანი ჯგუფის შემთხვევაში 10 000 ლარი, ხოლო სამკაციანი ჯგუფის არსებობის შემთხვევაში კი 15 000 ლარის ოდენობით) თანადაფინანსებას გულისხმობს. განაცხადების მიღება www.qartuli.ge ვებ-გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი და კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული დავალიანება, არის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი ან მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე. პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 20 000 000 ლარი, ფინანსური მხარდაჭერის ხანგრძლივობის ვადად კი 26 თვე განისაზღვრა.

საინფორმაციო სახის შეხვედრების განრიგი: 30 ივნისი, 11:00 საათი - დუშეთი, რუსთაველის ქ. №27, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, 14:00 საათი - მცხეთა, ანტიოქიის ქ. №7, მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა; 15:00 საათი - ყაზბეგი, ალ.ყაზბეგის ქ. №1, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა. 1 ივლისი, 13:00 საათი, თიანეთი, რუსთაველის ქ. №67, თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა. 3 ივლისი, 12:00 საათი, ქალაქი გორი, ჭავჭავაძის ქ. №53, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

"აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროგრამა ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უწყობს ბიზნესის წამოწყების კუთხით და რეგიონის განვითარებისთვის წამახალისებელ ფაქტორს წარმოადგენს. კონკრეტულად კი პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ: 1. წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეა; 2. გაიღრმავონ ბიზნეს უნარები; 3. გამოიყენონ შესაძლებლობა და მიიღონ შესაბამისი თანადაფინანსება; პროგრამის ეფექტურობის მიზნით, ადგილობრივ დონეზე პროექტს განახორციელებს კონკურსის შედეგად შერჩეული კონტრაქტორი ორგანიზაცია.  კონტრაქტორი ორგანიზაციები განისაზღვრა რეგიონების მიხედვით: იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ა(ა)იპ "საქართველოს სკაუტური მოძრაობა - საქართველოს სკაუტები" ქ. ქუთაისი, კოსტავას ქ. №9 სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი - ა(ა)იპ "რეგიონული განვითარების ასოციაცია" (RDA), ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. №48, ქ. ახალციხე, გვარამაძის ქ. №16, აჭარა, გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი - შპს "ჯი-ემ-სი-ჯი", ქ. ბათუმი, ა. მელაშვილის ქ. №2, ქ. ზუგდიდი, ლაზის ქ. №14, ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. №114, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი და შიდა ქართლი - შპს "თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი", ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის ქ. №87, ქ. გორი, სამეფოს ქ.№27, ქ. დუშეთი, დ. აღმაშენებლის ქ.№44", - ნათქვამია ინფორმაციაში.