„თუ ფერმერმა ვერ მიიღო შრომის ფასი, მოტივაცია უქრება“ – „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა გამოწვევებია სოფლის მეურნეობაში, როგორია ფერმერისთვის მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციის ბაზრები და ფასები. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით „აგრო 1959“-ის მმართველ პარტნიორს გელა ხანიშვილს ვესაუბრეთ.
ხანიშვილი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დაბალი ფასი ფერმერთა შორის შიდა კონკურენციით არის განპირობებული. მისი თქმით, ფასის რეგულირებისთვის საჭიროა კოოპერატივების შექმნა და ფერმერების მიერ ბაზრისთვის საკუთარ პროდუქციაზე ფიქსირებული თანხის დადგენა.
„2013 წელს მივიღეთ კანონმდებლობა კოოპერატივის შესახებ და ჯერ-ჯერობით საზოგადოებამ ამ კანონის სიკეთე ვერ გაითავისა. კოოპერაცია არის პირველადი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ფასის რეგულირების მექანიზმი. სოფელში ადამიანები წუხან იმაზე, რომ მათ პროდუქციას ფასი არ აქვს, იაფია იმიტომ რომ ვერ კონტროლდება ფასი. როდესაც ჩვენ გვაქვს ჭარბი პროდუქცია, ფერმერი იძულებულია გაყიდოს დაბალ ფასად.
არის ფერმერებს შორის შიდა კონკურენცია და ხშირ შემთხვევაში თვითღირებულებაზე დაბალ ფასად უწევთ გაყიდვა. მერე რომელიმეზე შეიქმნება დეფიციტი და გაძვირდება. მაგრამ ეს არ არის სტაბილურობის გარანტი, სტაბილურობის გარანტი არის კოოპერაცია. მეტი ურთიერთობა სჭირდებათ ფერმერებს ერთმანეთთან, რათა სწორად გამოიყენონ სახელმწიფო პროგრამები,“ - აღნიშნავს რესპონდენტი.
ხანიშვილი აღნიშნავს, რომ სექტორში როგორც აგრონომიული, ასევე გაყიდვების მიმართულებით არის ცოდნის დეფიციტი. მისი თქმით, ფერმერს აქვს პროდუქციის რეალიზაციისთვის ბაზარი, მაგრამ ეს თავად უნდა დაარეგულიროს.
„ფერმერს ბაზარი აქვს, მათ ბაზარი თვითონ უნდა დაარეგულირონ. ერთი ფერმერი მყიდველს ეუბნება პომიდორში ერთ ლარს, მეორე ეუბნება 90 თეთრს, მესამე 80 თეთრს, ეს გრძელდება მანამ, სანამ არ ჩამოვა ფაქტობრივ თვითღირებულებაზე დაბლა. ისინი მუშაობენ ცალ-ცალკე და არიან ერთმანეთის კონკურენტები. ისინი ბაზარზე უნდა გადიოდნენ ერთი კოოპერატივის ფარგლებში, სადაც დააწესებენ ფასს პომიდორზე მაგალითად 2.5 ლარს“, - აცხადებს ხანიშვილი.
კითხვაზე, რატომ არ არის მეტი შესაძლებლობა იმისა, რომ ფერმერმა მოსავალი სუპერმარკეტებსა და სხვა დაწესებულებებში გაყიდოს, რესპონდენტი პასუხობს, რომ ამისთვის საჭიროა სტაბილური მიწოდება, რასაც დღეს ფერმერი ვერ უზრუნველყოფს.
„სუპერმარკეტები, რესტორნები, სასტუმროები ფერმერებისთვის დაკეტილი კი არ არის, არამედ სტაბილურობის განცდას ვერ უქმნიან. ახლა რომ 1 ვედრო ატამს მიუტანს ფერმერი მათ და მერე ერთი წელი აღარ მოამარაგებს, ეს მას ვერ დააკმაყოფილებს, მას სჭირდება კონტრაქტი და სტაბილურობა. იმპორტს იმიტომ მიმართავს მარკეტი თუ ჰორეკა სექტორი, რომ სტაბილური კლიენტურა უნდა რომ ჰყავდეს,“ - განაცხადა გელა ხანიშვილმა.