ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ინიციატივით გამოდის, რომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების პროგრამები მეტად იყოს გათვალისწინებული

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძე ინიციატივით გამოდის, რომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების პროგრამები მეტად იყოს გათვალისწინებული.

ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიას განიხილავდნენ.

ამასთან ზაზა ლომინაძის ინიციატივით, კარგი იქნება თუ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში ამ ტიპის პროგრამების დაფინანსება, ბიუჯეტის დაკორექტირებისას იქნება გათვალისწინებული.

„მნიშვნელოვანია, რომ იშვიათი დაავადებების მიმართულებითაც გვაქვს ბიუჯეტში მატება. მეორე წელია, სამინისტროსთან ერთად შევადგინეთ ის ნუსხა, სადაც ის იშვიათი დაავადებები შედის, რომელიც საქართველოში გვაქვს. ასევე, მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ, რაც აქონდროპლაზია იყო. მაგრამ წლიდან წლამდე ახალი დაავადებები იჩენს თავს და ახალი ინოვაციური მედიკამენტები შემოდის ფარმაცევტულ ბაზარზე, რომლის საჭიროება მშობლისთვის, ამ პაციენტებისთვის უმნიშვნელოვანესია. ალბათ ეს მიმართულება გვექნება გასაძლიერებელი. არაერთხელ შევხვედრივართ ამ ბავშვების მშობლებს თუ სხვა პაციენტების ოჯახის წევრებს. ისევე როგორც #1 ტიპის დიაბეტიანი ბავშვების მიმართულებით მოხდა, დარწმუნებული ვარ, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში, რომელსაც მე-11 მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ეს ყველა პუნქტი“,- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ბიუჯეტის პროექტის განხილვას ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძეც ესწრებოდა.