„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ბათუმის ცენტრალურ პარკთან 40-50-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ბათუმში, ცენტრალურ პარკთან 40-50-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. მისი ინფორმაციით, „პარკი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების სამიზნე გახდა“.

„ბათუმელებისთვის ერთ-ერთი ულამაზესი, 6 მაისის პარკი, სამწუხაროდ გახდა ივანიშვილის ხელისუფლების სამიზნე. ​ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს განხილვა ზოოპარკის გაუქმებასთან დაკავშირებით, რის უკანაც დგას კორუფციული ინტერესები.

ჩვენი ინფორმაციით, შედგა გარიგება, რომლის მიხედვითაც არჩევნების შემდგომ იგეგმება 40-50 სართულიანი კორპუსების მშენებლობა პარკის ტერიტორიაზე, რაც იქნება კიდევ ერთი ბეტონის ფარდა.

​ჩვენ ღიად ვაცხადებთ და გარანტიას ვაძლევთ ბათუმელებს, რომ ამ მზაკვრული მიზნის მიღწევას ვერ შეძლებენ.

ჩვენ მოსახლეობასთან და საკრებულოსთან ერთად შევძლებთ:

ზოოპარკი გადავიტანოთ ქალაქგარეთ;

პარკში, ზოოპარკის ტერიტორია იქნება მხოლოდ მწვანე, სარეკრეაციო ზონა და მკაცრად განისაზღვრება მისი სტატუსი;

აღდგება ამ პარკის ტრადიცია და სანიჩბოსნო სპორტი გახდება ამ პარკის კულტურის ნაწილი”,- აღნიშნა ლევან ანთაძემ.