"გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა - პირიქით, დიდი მოცულობით ელექტროენერგიის ექსპორტირება მოხდება"

ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2012 წლისთვის მთლიანად გენერაცია ქვეყანაში 3 359 მეგავატ სიმძლავრეს შეადგენდა, 2024 წლის უკვე 4 600-მდე იზრდება.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა. ამას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან რაც უფრო დამოუკიდებელი ხარ ეკონომიკური, ენერგეტიკული კუთხით მით უფრო ძლიერია სახელმწიფო სუვერენიტეტი და ეს მიზანი არის აბსოლუტურად რეალისტური, რაც ჩვენს მთავრობას აქვს დასახული.

დღეისათვის ჩვენ თითქმის ყოველი თვის განმავლობაში გვჭირდება ელექტროენერგიის იმპორტირებადა 2030 წლისთვის საერთოდ აღარ ვიქნები დამოკიდებული იმპორტზე, პირიქით ძალიან დიდი მოცულობით ელექტროენერგიის ექსპორტირება მოხდება სხვადასხვა ქვეყანაში.

რაც შეეხება კონკრეტულ მონაცემებს - ამ 12 წლის განმავლობაში აშენდა 63 ჰიდროელექტროსადგური 2 თბოელექტროსადგური და ერთი ქარის ელექტროსადგური. რაც შეეხება ელექტროენერგიის გამომუშავებას, ესეც ძალიან საინტერესო მონაცემებია. 2012 წლისთვის 3 359 მეგავატ სიმძლავრეს შეადგენდა მთლიანად გენერაცია ქვეყანაში, 2024 წლის უკვე 4 600-მდე იზრდება. უკვე გვაქვს სერიოზული ზრდა, ასევე გვაქვს მიმდინარე პროექტები, რომლებიც არის დამუშავებული და ეს ყველაფერი გვაძლევს თამამად იმის თქმის საშუალებას, რომ 2028 წლისთვის გამომუშავება გადააჭარბებს 8 000 მეგავატს და 2030 წლისთვის არსებული გეგმისა და უკვე დაწყებული სამუშაოების მიხედვით, 10 000 მეგავატს გადასცდება გამომუშავება. სწორედ ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ელექტროენერგიის კუთხით ვიყოთ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.