რეგიონებს სტიქიით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციოდ 15 400 000 ლარი გამოეყოფათ

მთავრობის განკარგულებით, 2014-2015 წლების სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, რეგიონებისთვის 15 400 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს.  "2014-2015 წლებში სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, "საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 15 400 000 (თხუთმეტი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი", - ნათქვამია განკარგულებაში.

განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 2 600 000 ლარი გამოეყოფა; მესტიის მუნიციპალიტეტს - 1 570 000 ლარი; ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 1 500 000 ლარი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 1 450 000 ლარი; სამტრედიის მუნიციპალიტეტს - 1 400 000 ლარი; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს - 950 000 ლარი; ხობის მუნიციპალიტეტს - 900 000 ლარი; ხონის მუნიციპალიტეტს - 600 000 ლარი; ცაგერის მუნიციპალიტეტს - 550 000 ლარი; მარტვილის მუნიციპალიტეტს - 500 000 ლარი; წალენჯიხის მუნიციპალიტეტს - 500 000 ლარი; ბორჯომის მუნიციპალიტეტს- 500 000 ლარი; ლენტეხის მუნიციპალიტეტს - 480 000 ლარი; ვანის მუნიციპალიტეტს - 450 000 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 450 000 ლარი; დუშეთის მუნიციპალიტეტს - 400 000 ლარი; საჩხერის მუნიციპალიტეტს - 300 000 ლარი; თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს - 200 000 ლარი; სენაკის მუნიციპალიტეტს - 100 000 ლარი.

განკარგულების მიხედვით, "სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს მიეცეთ უფლება, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები განახორციელონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით".