გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში 7610 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
ყველაზე მეტი - 3694 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1449 - ქუთაისში, 1302 - ბათუმში, 1165 კი - ქალაქ რუსთავში.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 7610 სამართალდამრღვევიდან, 6629 ფიზიკური პირია, ხოლო 981 - იურიდიული პირი.
4706 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2597 - მიკროავტობუსის, 298 - სატვირთო ავტომობილის, 9 კი - ავტობუსის მძღოლების სახელზე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა, 20%-ით შეუმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge საშუალებით.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულება დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემა დაინერგა საწარმოებში. პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. ამასთანავე, 4 მსხვილ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტომობილების ხილული გამონაბოლქვის კონტროლიც მიმდინარეობს. კომპლექსურად, ყველა ეს მიმართულება, ხელს უწყობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.