საერთაშორისო რეზერვების 12.8% მონეტარულ ოქროზე მოდის - როგორ შეიცვალა საქართველოს რეზერვების მოცულობა

2024 წლის სექტემბერში საერთაშორისო რეზერვები როგორც წლიურ, ასევე თვის ჭრილში შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი რეზერვები 560.801 მლნ დოლარით, სავალუტო რეზერვები კი 1.186 მლრდ დოლარით შემცირდა. (ამ უკანასკნელის შემცირება ძირითადად გამოწვეულია სებ-ის მიერ მარტში ოქროს შესყიდვით).

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 4.712 მლრდ დოლარს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5.273 მლრდ-ს. სავალუტო რეზერვების მოცულობა კი 4.821 მლრდ დოლარიდან 3.635 მლრდ-მდე შემცირდა.

რაც შეეხება თვიურ ჭრილს, მთლიანი რეზერვები 126.1 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო სავალუტო რეზერვები - 159.5 მლნ-ით. 2024 წლის აგვისტოში მთლიანი რეზერვები - 4.838 მლრდ დოლარს, ხოლო სავალუტო - 3.794 მლრდ-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ სავალუტო რეზერვების წლიური შემცირების მიზეზი ძირითადად სებ-ის მიერ 2024 წლის მარტში ოქროს შესყიდვა გახდა. მარტში ოქროს რეზერვების მოცულობა 332.152 მლნ დოლარს შეადგენდა, აპრილში – 529.405 მლნ-ს, მაისში - 538.871 მლნ-ს, ივნისში - 534.890 მლნ-ს, ივლისში - 556.782 მლნ დოლარს და აგვისტოში - 576.758 მლნ-ს. რაც შეეხება სექტემბერს, გასულ თვეს ოქროს რეზერვების მოცულობა 603.515 მლნ დოლარი იყო, რაც მთლიანი რეზერვების 12.8%-ია.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის სექტემბრის სტატისტიკით, სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი – 2.768 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი 867.1 მლნ დოლარს ინახავს.