მთავრობამ ხელიც რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, ისინი კი ახერხებენ და თითქმის ორჯერ ნაკლებია - კახა ოქრიაშვილი

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამა წარადგინა. არავის სჯერა ამ პროგრამის, რადგან 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე მათი უამრავი დაპირება უფასო ფულზე, გაზზე, ბენზინზე, იაფ კრედიტებზე, მოსახლეობა რომ საკუთარ ჯიბეზე იგრძნობდა ეკონომიკის ზრდას, „წალკოტადქცეულ წყალტუბოზე“, ანაკლიის პორტზე და კურორტზე, „დაბრუნებულ გარეჯზე“ და მრავალი სხვა შეუსრულებელი დარჩა.

დიახ, ლარებში ზრდა გვაქვს ბიუჯეტში, მაგრამ ლარის კურსმა დევალვაცია განიცადა. ამას დავამატოთ ინფლაცია და რასაც 2012 წელს 100 დოლარად, ანუ 167 ლარად ვყიდულობდით, ახლა იმავეს შეძენას 700-800 ლარი სჭირდება.

რის ხარჯზე გაიზარდა ეკონომიკა? ჩვენი ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი ჩვენივე ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია. ჩვენი მშპ დაახლოებით 28 მლრდ დოლარია და ის მნიშვნელოვანი ნაბიჯებით იზრდება, მაგრამ ყოველწლიურად ემიგრანტები რიცხავენ 4-დან 4,5 მლრდ დოლარს, რაც ჩვენი მშპ-ს 14-დან 17%-მდე შეადგენს. ანუ, მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, ისინი კი ახერხებენ და ეკონომიკური ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია. წარმოიდგინეთ, პროგრესული მთავრობა რომ გვყავდეს, რა ტემპებით განავითარებდა ქვეყანას.

26 ოქტომბერს ერთად უნდა შევცვალოთ ეს ქურდი, არაფრისმაქნისი, ეკონომიკის მუხრუჭი ხელისუფლება!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.