რუსული ხორბლის საექსპორტო ფასი გლობალურ ბაზრებზე გაძვირებისა და უამინდობის გამო გასულ კვირასაც გაიზარდა - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
აგროკონიუნქტურის სააგენტო ICAR-ის ცნობით, 12,5%-იანი ცილის შემცველობის 1 ტონა რუსული ხორბლის ახალი მოსავლის FOB-ფასი ნოემბერში 1 დოლარით, 223 დოლარამდე გაიზარდა.
SovEcon-ის მონაცემებით, გასულ კვირას ამ კლასის ხორბალზე FOB-ფასები ტონაზე 219-221 დოლარიდან 222-224 დოლარამდე გაიზარდა. SovEcon-ის ანალიტიკოსები რუსული ხორბლის FOB-ფასების შემდგომ ზომიერ ზრდას პროგნოზირებენ. მათი შეფასებით, “მშრალი ამინდი რუსეთში ფასების ზრდის განწყობას აძლიერებს და მართალია, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან წვიმები არის პროგნოზირებული, მაგრამ უფრო საიმედო მოკლევადიანი სისტემები თვის პირველ ნახევარში მნიშვნელოვან ნალექს არ აჩვენებენ.”
“სამხრეთ ოლქების გარდა, რუსეთის უმეტეს რეგიონში ფერმერები ზამთრის ხორბლის მდგომარეობის შესახებ შეშფოთებას გამოთქვამენ,“ - აცხადებენ SovEcon-ში.
SovEcon-ის ცნობით, გასულ კვირას რუსეთმა 0,87 მლნ ტონა მარცვლეული გაიტანა ექსპორტზე, მაშინ, როცა წინა კვირას ექსპორტმა 1,33 მლნ ტონა შეადგინა. გასული კვირას ექსპორტირებული მარცვლეულიდან ხორბალი 0,80 მლნ ტონა იყო, რაც, ასევე, წინა კვირის მოცულობაზე, ანუ 1,29 მლნ ტონაზე ნაკლებია.
SovEcon-მა სექტემბერში რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის შეფასება 0,1 მლნ ტონით, 5,0 მლნ ტონამდე გაზარდა, მაშინ, როცა გასულ კვირას სააგენტომ 2024/25 წლების სეზონზე მთლიანი ექსპორტის პროგნოზი 48,1 მილიონიდან 47,6 მლნ ტონამდე შეამცირა. ასევე, დაბალი მოსავლის გამო მიმდინარე სეზონზე შემცირებულია ზოგადად მარცვლეულის ექსპორტის პროგნოზი, რაც 56,5 მილიონიდან 55,4 მლნ ტონამდე გაუარესდა.
მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირი სეზონის პირველ ნახევარში მოსავლის შემცირების ფონზე რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის სწრაფ ტემპზე გაფრთხილებას იძლევა და საექსპორტო გადასახადების გადახედვას მოითხოვს.
რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ ოქსანა ლუტის ცნობით, ციმბირში უამინდობისა და იმ რეგიონებში მოსავლის აღების პრობლემების გამო, სადაც ე.წ. კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მოქმედებს, სამინისტრო მიმდინარე კვირას მარცვლეულის მოსავლის პროგნოზს გადახედავს.
SovEkon-ის 1 ოქტომბრის მონაცემებით, ფერმერებმა 39,6 მლნ ჰექტრიდან 111,1 მლნ ტონა მარცვლეული აიღეს, მაშინ, როცა ერთი წლის წინ მოსავალმა 39,7 მლნ ჰექტარზე 125,3 მლნ ტონა შეადგინა. აქედან ხორბალი 79,3 მლნ ტონაა, რაც ერთი წლით ადრე 88,6 მლნ ტონას შეადგენდა.
წელს ზამთრის კულტურები, წინა წლის 11,2 მლნ ჰექტართან შედარებით, უფრო ნაკლებ ფართობზე, 10,1 მლნ ჰექტარზე დაითესა.
რაც შეეხება ზეთს, SovEcon-ის მონაცემებით, ტონა მზესუმზირის ზეთის საექსპორტო FOB-ფასი 30-ით, 990 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ICAR-ის მიხედვით ამ ფასმა ტონაზე 20 დოლარით, 1,000 დოლარამდე მოიმატა.
რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადი ოქტომბერშიც, ისევე, როგორც წინა თვეებში ნულოვანი რჩება. გამონაკლისი მხოლოდ 2023 წლის მაისი იყო, როცა ტონაზე საექსპორტო გადასახადმა 1,122.2 რუბლი (12 დოლარამდე) შეადგინა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ